ბელარუსი ტურისტი ბათუმის პოლიციას არასათანადო მოპყრობაში ადანაშაულებს

ბელარუსის მოქალაქე პაველ კირილოვი ირწმუნება, რომ ზებრაზე გადასვლისას მას ავტომობილმა გზა არ დაუთმო, შემდეგ კი მძღოლმა შეურაცხყოფა მიაყენა.
Sputnik

თბილისი, 27 აგვისტო — Sputnik. ბათუმში დასასვენებლად ჩასული ბელარუსის მოქალაქე ქალაქის პოლიციის მეორე განყოფილების თანამშრომლებს გენინსპექციაში უჩივის, იუწყება აჭარის ტელევიზია

ბელორუსის მოქალაქე პაველ კირილოვი ირწმუნება, რომ ზებრაზე გადასვლისას მას ავტომობილმა გზა არ დაუთმო, შემდეგ კი მძღოლი გადმოვიდა და მას შეურაცხყოფა მიაყენა.

შემთხვევა ბათუმში: ტურისტს ავტომობილი დაეჯახა

„ეს არ იკმარეს, კიდევ ორი მანქანა გაჩერდა, იქიდან გადმოსული ბიჭებიც თავს დამესხნენ, მემუქრებოდნენ სიცოცხლის მოსპობით, მაგინებდნენ, ერთ-ერთს დანაც ჰქონდა, მაგრამ არ გამოუყენებია“, — განაცხადა პაველ კირილოვმა.

ტურისტის თქმით, ინცინდენტი მოხდა სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ბრიგადასთანაც.

„მე არ შემეძლო ფეხზე დგომა, მაგრამ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მეუბნებოდნენ, რომ არაფერი მჭირდა და უნდა დამეტოვებინა კლინიკა. შემდეგ პოლიციელებმა ხელების გადაგრეხვით ჩამსვეს მანქანაში, თითქოს დამნაშავე ვიყავი და მიმიყვანეს პოლიციის მეორე განყოფილებაში, იქაც შეუსაბამოდ მომექცნენ, საქმეში ჩავრთე გენერალური ინსპექცია, მე მქონდა ტვინის შერყევა, რაც მხოლოდ რეფერალურ საავადმყოფოში დაადგინეს. პასუხს ვითხოვ კითხვებზე, ამ საქმეს ასე არ დავტოვებ“, — განაცხადა დაზარალებულმა.

მაშველები ახალგაზრდა ტურისტს ყაზბეგიდან დაშვებაში დაეხმარნენ >>

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ძალადობას გულისხმობს. ხოლო ჰქონდა თუ არა ბელორუსი ტურისტის მიმართ ადგილი არასათანადო მოპყრობას პოლიციელების მხრიდან, ამას პარალელურად  გენერალური ინსპექცია სწავლობს.