შავ ზღვაზე საქართველოსა და აშშ-ის ერთობლივი საზღვაო წვრთნები ჩატარდა

საზღვაო მანევრები და სააბორდაჟო წვრთნები დამრღვევი გემის შეჩერება-დაკავებას და ხომალდზე მყოფი პირების შემოწმებას მოიცავდა
Sputnik

თბილისი, 26 აგვისტო — Sputnik. შავ ზღვაზე საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა და აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდ CARNEY-ის მეზღვაურებმა  ერთობლივი საზღვაო წვრთნები და სახომალდე სწავლებები ჩაატარეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

წვრთნებში სანაპირო დაცვის 3 საპატრულო კატარღა და ამერიკული ხომალდი იღებდნენ მონაწილეობას.

ღია ზღვაში საზღვაო მანევრები და სააბორდაჟო წვრთნები დამრღვევი გემის შეჩერება-დაკავებას და ხომალდზე მყოფი პირების შემოწმებას მოიცავდა. ასევე, სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს ამერიკული ხომალდის ბორტზე პირველადი დახმარების აღმოჩენის კურსიც ჩაუტარდათ.

„ერთობლივი წვრთნები აშშ-ს და საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის მცურავი საშუალებების ურთიერთმოქმედების დონის ამაღლებას შეუწყობს ხელს“, — ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, საქართველოში აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდ CARNEY-ის ვიზიტის მიზანი  შავ ზღვაზე უსაფრთხოების უზრუნველყოფის ოპერაციების განხორციელება, რეგიონში მოკავშირეებისა და პარტნიორების მხარდაჭერა, საზღვაო კომპონენტებთან მათი თავსებადობის ამაღლება და საქართველო-ამერიკის საზღვაო თანამშრომლობის გაძლიერება იყო.