EchoWaves: ფესტივალზე ნარკოდანაშაულზე ოთხი პირი დააკავეს

დაკავებულებიდან ორი ქართველი, ორი კი ირანელია
Sputnik

თბილისი, 25 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა სოფელ განმუხურში მიმდინარე ელექტრონული მუსიკის ფესტივალ EchoWaves-ზე  ნარკოდანაშაულისთვის ოთხი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ფესტივალის დაწყებიდან პირველივე დღეს ირანის ორი და საქართველოს ორი მოქალაქე ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. დაკავებულები 23-დან 48 წლამდე ასაკის მამაკაცები არიან.

პირადი ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალებები.

ანაკლიაში ფესტივალ ECHOWAVES-ზე ახალგაზრდა მამაკაცი დაიღუპა

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით („ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა ან გადაგზავნა“), რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღეს დილით ფესტივალიდან საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა სამი ახალგაზრდა გადაიყვანეს, რომელთაგან ერთი გზაშივე გარდაიცვალა. ახალგაზრდა მამაკაცი და ქალი საავადმყოფოდან მალევე გაწერეს. 21 წლის ახალგაზრდის გარდაცვალების მიზეზის დასადგენად სპეციალური ექსპერტიზა ჩატარდება. ექიმის ცნობით, გარდაცვლილ კაცს უცნობი სუბსტანციით ინტოქსიკაციის ნიშნები ჰქონდა.

ანაკლიაში 23 აგვისტოს ახალი მუსიკალური ფესტივალი Echowaves-ი დაიწყო, რომელიც 26 აგვისტომდე გაგრძელდება. მედიის ინფორმაციით, ფესტივალზე მუშაობს სამი სამედიცინო პუნქტი და სასწრაფო დახმარების ოთხი ეკიპაჟი. ფესტივალის გახსნამდე ორგანიზატორები პირობას დებდნენ, რომ უსაფრთხოების ზომები ფესტივალზე მაქსიმალურად იქნება დაცული.

Anaklia Echowaves იმართება სამთავრობო პროგრამა Check in Georgia 2018-ის ფარგლებში.