ქართული ფილმი „დედე“ ამერიკის დასაპყრობად მიემგზავრება

ჩიკაგოში ქართულ ფილმს მაღალმთიანი სვანეთის მკაცრი ტრადიციების შესახებ აჩვენებენ
Sputnik

თბილისი, 23 აგვისტო — Sputnik. ქართველი რეჟისორის მარიამ ხაჭვანის ფილმ „დედეს“ საპრემიერო ჩვენებები ჩიკაგოში (აშშ) 14-17 სექტემბერს გაიმართება, ნათქვამია საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადებაში.

სრულმეტრაჟიანი სურათი ქართულ ენაზე ინგლისური სუბტიტრებით გავა.

„დედე" ოთხი ქვეყნის კინოპროდუქციაა – საქართველოს, ირლანდიის, კატარისა და ჰოლანდიის. ფილმი ეროვნული კინოცენტრის, Doha Film Institute-ს და სანდენსის კინოფესტივალის მხარდაჭერით შეიქმნა.

Air France-ის თვითმფრინავებში ქართულ ფილმ „დედეს" აჩვენებენ

 „დედე" — სვანური ბალადაა სიყვარულზე. ის მოგვითხრობს სვან გოგონაზე, რომელიც იბრძვის სიყვარულისთვის, მაგრამ ამ მხარეში ტრადიციები სიყვარულზე მაღლა დგას. ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში. დიალოგების დიდი ნაწილი სვანურ ენაზეა, მსახიობების უმეტესობაც სვანია. მთავარ როლებს გიორგი ბაბლუანი, ნათია ვიბლიანი, გირშელ ჭელიძე და ნუკრი ხაჭვანი ასრულებენ.

მკაცრ სვანეთის მთებში განვითარებული სიყვარულის ისტორია კარლოვი ვარის 52-ე საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზიორი გახდა. პოლონეთის XV საერთაშორისო ფესტივალ Tofifest Film Festival-ზე საუკეთესო რეჟისურისთვის გადაეცა პრიზი „ვერცხლის ანგელოზი“, საფრანგეთში მონპელიეს საერთაშორისო კინოფესტივალ Cinemed-ზე მაყურებელთა სიმპათიის პრიზი გადაეცა, შემდეგ სურათმა გაიმარჯვა პრესტიჟულ საერთაშორისო კინოპრემიაზე Asia Pacific Screen Awards (APSA).