კალაძე: თბილისში საფეხმავლო ხიდების კონსტრუქციები ვიზუალურად ცუდი და არაკომფორტულია

დედაქალაქის მასშტაბით 34 ლითონის მსუბუქი კონსტრუქციის საფეხმავლო ხიდია
Sputnik

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. თბილისში არსებული საფეხმავლო ხიდების კონსტრუქცია შეიცვლება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

კალაძის თქმით, პროექტი ისე უნდა იყოს შემუშავებული, რომ ხიდზე ასვლა-ჩამოსვლა კომფორტული იყოს და ამასთან, კარგი ვიზუალიც ჰქონდეს.

თბილისში საფეხმავლო ლითონის ხიდების რეაბილიტაცია იწყება

„საფეხმავლო ხიდების კონსტრუქცია ვიზუალურად ძალიან ცუდია და აქაც ჩავრთოთ არქიტექტორები, ვისაც სურვილი აქვს, რომ იქნებ ისეთი პროექტები შევიმუშაოთ, რომელიც ვიზუალურადაც ლამაზიც იქნება და ასვლა-ჩამოსვლაც - მოსახერხებელი", - განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ ისიც აღნიშნა, რომ საფეხმავლო ხიდები შშმ პირებისთვისაც კომფორტული უნდა გახდეს.

„შშმ პირებისთვისაც შეუძლებელია ამ ხიდებით სარგებლობა და სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამიტომ გავალებთ, რომ ძალიან მალე იქნას შემუშავებული კონცეფცია, გეგმა, ეს ხიდები როგორი უნდა იყოს", - განმარტა მერმა.

დედაქალაქის მასშტაბით, მუნიციპალურ საკუთრებაში 34 ლითონის მსუბუქი კონსტრუქციის საფეხმავლო ხიდია, რომელთა უმეტესობა 2009-2010 წლებში აიგო.