ხალხური საცხენოსნო თამაშები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა

სააგენტოს განცხადებით, ეს არის კულტურა, რომელსაც ხელშეწყობა და შენარჩუნება ესაჭიროება,
Sputnik

თბილისი, 22 აგვისტო — Sputnik. ქართული ხალხური საცხენოსნო თამაშობები - ისინდი, ცხენბურთი, ყაბახი და მარულა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შევიდა, ნათქვამია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შესაბამის ბრძანებას მიმდინარე წლის 16 აგვისტოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა მოაწერა ხელი. ელემენტისთვის სტატუსის მინიჭების ინიციატორი კი საქართველოს საცხენოსნო ეროვნული ფედერაცია იყო.

„ცხენოსნობასთან დაკავშირებული ტრადიციები საქართველოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია. ეს არის კულტურა, რომელსაც ხელშეწყობა და შენარჩუნება ესაჭიროება, რათა სამომავლოდ საქართველოს სოფლებსა თუ ქალაქებში უფრო აქტიურად გაიმართოს საცხენოსნო თამაშობები, აღდგეს ცხენის აღკაზმულობის დამზადების ტრადიცია, მეტი ყურადღება მიექცეს ცხენის ადგილობრივი ჯიშების გამრავლებას", - ნათქვამია განცხადებაში.

ამ დროისთვის არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ნუსხაში 41 კულტურული ელემენტია შესული. სააგენტოს ინფორმაციით, უახლოეს მომავალში არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არაერთ ელემენტს მიენიჭება.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ქვეყანაში იუნესკოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ 2003 წლის კონვენციის თანახმად მოქმედებს. საქართველო კონვენციას 2008 წელს შეუერთდა. სააგენტო მოწოდებულია დაარეგისტრიროს, დაიცვას, გამოიკვლიოს და პოპულარიზება გაუწიოს ქვეყნის არამატერიალური კულტურის ნიმუშებს.