იმნაძე: სავალდებულო აცრების თავის არიდების გამო, შესაძლოა, მშობლებზე სანქციები დაწესდეს

მსოფლიოში ყოველწლიურად ინფექციური დაავადებებისაგან 14 მილიონი ადამიანი იღუპება. მათგან ნახევარზე მეტი 5 წლამდე ბავშვია
Sputnik

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. საქართველოში ბავშვების ვაქცინაცია, შესაძლოა, სავალდებულო გახდეს, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხთან ინტერვიუში.

პაატა იმნაძემ აღნიშნა, თუ ბავშვს სავალდებულო აცრები არ ექნება გაკეთებული, საბავშვო ბაღსა და სკოლაში, შესაძლოა, არ მიიღონ. შემდეგ ეტაპზე კი არ არის გამორიცხული, მშობლებზე სანქციებიც შემოიღონ.

„თანამედროვე კაცობრიობა დიდი ხანია, მივიდა იმ აზრამდე, რომ აცრები ბავშვებისათვის აუცილებელია. ის არის უსაფრთხო და ეფექტური... სავალდებულო აცრებს რაც შეეხება, პარლამენტის გადასაწყვეტია, როდის მიიღებს ამას. ეს არის ევროპული გამოცდილება, ევროპის წამყვან ქვეყნებში – საფრანგეთში, იტალიაში, გერმანიაში მიღებულია კანონმდებლობა, რომლითაც ვაქცინაცია სავალდებულოა",- განაცხადა იმნაძემ.

არ გადადო, აიცერი! – დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას აცრებისკენ მოუწოდებს

მისი თქმით, ვაქცინაციის თემასთან დაკავშირებით ოფიციალურ დონეზე განხილვები დაწყებულია, კერძოდ, პარლამენტში უკვე მიმდინარეობს მსჯელობა ამ საკითხზე და, სავარაუდოდ, შემოდგომიდან ვაქცინაცია საქართველოშიც სავალდებულო გახდება.

რა მექანიზმით მოხდება მშობლების დავალდებულება, აცრან ბავშვები, ეს საკითხი ჯერ კიდევ განხილვის სტადიაშია.

მსოფლიოში ყოველწლიურად ინფექციური დაავადებებისაგან 14 მლნ ადამიანი იღუპება. მათგან ნახევარზე მეტი 5 წლამდე ბავშვია. ინფექციებისგან თავის დასაცავად ყველაზე ეფექტურ ღონისძიებად ვაქცინაცია ითვლება. პედიატრების რეკომენდაციის მიუხედავად, მშობლების ნაწილი, სხვადასხვა მოსაზრების გამო, თავს არიდებს ბავშვების ვაქცინაციას.

საქართველოში აცრების ეროვნული კალენდარი 10 ვაქცინას მოიცავს. ბავშვები შემდეგ ინფექციებზე იცრებიან: B ჰეპატიტი, დიფტერია, ტეტანუსი, ყივანახველა, წითელა, წითურა, ყბაყურა, პოლიომიელიტი, როტავირუსული ინფექცია და ა.შ. ამ დაავადებებს ძალიან მწვავე გართულებების გამოწვევა შეუძლიათ.