შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს სტუდენტების მიღება ერთი წლით შეეზღუდა

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2 ათასამდე საერთაშორისო და ადგილობრივ სტუდენტზე მეტი ირიცხება
Sputnik

თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. ავტორიზაციის საბჭომ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს (IBSU) სტუდენტების ახალი ნაკადის მიღება ერთი წლით შეუზღუდა, ნათქვამია აღნიშნული უნივერსიტეტის Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

IBSU-ში აცხადებენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება უსამართლოა, რადგან უნივერსიტეტი ავტორიზაციის სტანდარტებს აკმაყოფილებს, კერძოდ, შვიდი სტანდარტიდან (19 ქვესტანდარტი) უარყოფითად არცერთი შეფასებულა, ავტორიზაციის საბჭომ კი ექსპერტების დასკვნასთან შეუსაბამო გადაწყვეტილება მიიღო.

„საბჭომ მიიღო სრულიად ალოგიკური და ექსპერტების დასკვნასთან შეუსაბამო გადაწყვეტილება, მან უგულებელყო ექსპერტების დადებითი დასკვნა და უნივერსიტეტს 2019 წლის 20 აგვისტომდე სტუდენტთა ნაკადის მიღება შეუჩერა. შედეგად, 800-მდე სტუდენტის არჩევანი, ესწავლათ შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში, იგნორირებულ იქნა, საბჭომ ისინი აიძულა გადანაწილებულიყვნენ სხვა უმაღლეს სასწავლებლებში", — ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში უმაღლესი სასწავლებლების რიცხვი შემცირდა

როგორც უნივერსიტეტში განმარტავენ, საბჭოს გადაწყვეტილების მიზეზი ისაა, რომ IBSU-ს 2013 წელს დაეკისრა საგადასახადო ჯარიმა (700 ათასი ლარის ოდენობით), რის გამოც უნივერსიტეტის ქონება დაყადაღებულია.

„ჯარიმის სამართლიანობის შესახებ მიმდინარეობს სასამართლო დავა… უნივერსიტეტი მზადაა სასამართლო დავის წაგების შემთხვევაში დაფაროს საგადასახადო ჯარიმა. ხაზგასასმელია, რომ შემოსავლების სამსახურის 2018 წლის 4 ივნისის ბრძანებით გაუქმდა უნივერსიტეტის ქონებაზე დადებული ყადაღა. აღნიშნული დოკუმენტი ავტორიზაციის საბჭოს წარედგინა, თუმცა საბჭომ ეს ფაქტობრივი მდგომარეობა არ გაითვალისწინა", — ნათქვამია განცხადებაში.

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტში 2 ათასამდე საერთაშორისო და ადგილობრივ სტუდენტზე მეტი ირიცხება.

უნივერისტეტი მხარდაჭერისთვის არასამთავრობო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ კორპუსსა და საზოგადოებას მიმართავს.

მიმდინარე წელს საქართველოში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი შვიდმა დაწესებულებამ დაკარგა, მათგან ორი პროფესიულ სასწავლებლად გადაკეთდა.

2018 წლიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ადრე მოქმედი სამი სტანდარტის ნაცვლად, ახალი, ევროპულ სტანდარტებთან თავსებადი შვიდი სტანდარტით უწევთ ავტორიზაციის გავლა.

თუ ადრე უნივერსიტეტები მხოლოდ საგანმანათლებლო პროგრამების, მატერიალური ბაზისა და ადამიანური რესურსის ნაწილში მოწმდებოდნენ, ახალი სტანდარტებით განსაკუთრებული ყურადღება ექცევა უნივერსიტეტის მისიას, სტრატეგიულ გეგმას, სტუდენტზე ორიენტირებულ სწავლების პროცესს და მათ მიერ მიღწეული შედეგების შეფასებას. ასევე ფასდება ორგანიზაციული მართვის ნაწილი და კვლევების ჩასატარებლად არსებული რესურსები.

დღეს საქართველოში 66 ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ავტორიზაციას ექვსი წლის ვადით მოიპოვებენ.