თბილისი, 21 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საბროკერო კომპანია „ეფიქს ბიზნეს გრუპის" სამი დამფუძნებელი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღნიშნულის შესახებ შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულებმა დაახლოებით 50 მოქალაქე მოატყუეს, რომ სავაჭრო ბირჟაზე წარმოადგენდნენ საშუამავლო საბროკერო კომპანიას და იმ შემთხვევაში, თუ ისინი განსაზღვრულ ანგარიშზე თანხას შეიტანდნენ, კომპანია მათ სავაჭრო ბირჟაზე გარკვეული თანხების მოგებაში დაეხმარებოდა.
თანხების შეტანის შემდეგ ბრალდებულებმა შეცვალეს დაზარალებულების კომპიუტერული მონაცემები, რათა მათ ეფიქრათ, რომ თანხა წარუმატებელი ვაჭრობის შედეგად წააგეს და კომპანიის მიმართ პრეტენზიები არ ჰქონოდათ.
დამნაშავეები ამ გზით დაეუფლნენ დაახლოებით 500 ათას ლარს.
ბრალდებულებმა 2016 წლის აგვისტოში დაარეგისტრირეს შპს „ეფიქს ბიზნეს გრუპი", რომლის ძირითად საქმიანობას თითქოსდა საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე ვაჭრობა წარმოადგენდა.
გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 180-ე, 284-ე და 286-ე მუხლებით, („კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა, მონაცემების უკანონო შეცვლა, ორგანიზებული ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით თანხების თაღლითურად დაუფლება"), რაც შვიდიდან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.