სამართალდამცველებმა 23 წლის ჯარისკაცის მკვლელობა გახსნეს

ბრალდებულს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება
Sputnik

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ შიდა ქართლში მომხდარი 23 წლის ახალგაზრდას მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, იუწყება სამინისტროს პრესსამსახური.

ქარელში 23 წლის ჯარისკაცი მოკლეს

შემთხვევა სოფელ ხვედურეთში დღეს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული ახალგაზრდა  მე-13 ბატალიონში მსახურობდა. ის უქმეებზე ოჯახთან იყო ჩასული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და ქარელის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 45 წლის თ.თ. დააკავეს.

გამოძიების დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქარელი-სკრა-გორის დამაკავშირებელი გზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ტყესთან ახლოს, თანასოფლელს — 1995 წელს დაბადებულ გ.მ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რის შემდეგაც მიიმალა. გ.მ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი  ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.