საიდან გაჩნდა ვაჟა-ფშაველას მეტროსთან ორმო, სადაც მოზარდი ჩავარდა

დაშავებული საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს
Sputnik

თბილისი, 20 აგვისტო — Sputnik. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სკვერში 12 წლის მოზარდი ორმოში ჩავარდა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შემთხვევა გუშინ ღამით მეტროს სადგურ „ვაჟა-ფშაველასთან" მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი სკვერში სკეიტბორდით სრიალებდა, რა დროსაც ქვეითთა გზის სავალ ნაწილზე მან ორმო ვერ შენიშნა და ჩავარდა. იგი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ამოიყვანეს.

მიწის ჩავარდნა, სავარაუდოდ, ძლიერ წვიმას უკავშირდება.

დაშავებული იაშვილის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. მას დაზიანებები ქვედა კიდურებზე აღენიშნება. ამ დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ამჟამად შემთხვევის ადგილი ჯებირებითაა შემოსაზღვრული.

გამოძიება სსკ-ის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.