თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ახმეტის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმისა და სეტყვისგან მიყენებული ზიანის აღმოფხვრის საგანგებო შტაბის შეხვედრას დაესწრო და არსებულ ვითარებაზე დეტალური ინფორმაცია მიიღო, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.
როგორც დავითაშვილმა განაცხადა, სახელმწიფო მუშაობს კომპანიებთან, რომ კახეთში სტიქიისგან დაზარებულებმა დაზიანებული ყურძნის ჩაბარება შეძლონ.
„შტაბს აქვს მუდმივი კონტაქტი კომპანიებთან, რომლებიც დაზიანებული ყურძნისგან სპირტის დამზადებას შეძლებენ და ამ მხრივ, ჩაბარების პრობლემა მოსახლეობას არ ექნება. ხვალიდან ყურძნის კრეფას დაიწყებენ და მოხდება დაზიანებული ყურძნის გადამუშავება, რათა გადავარჩინოთ ის მოსავალი, რომელიც სამწუხაროდ, ამ მასშტაბურმა სტიქიამ დააზიანა“, – განაცხადა დავითაშვილმა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, მინისტრი დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდა და აგროდაზღვევის მექანიზმის მნიშვნელობაზეც ისაუბრა და მოსახლეობას მოუწოდა, აქტიურად ისარგებლონ აგროდაზღვევით.
ახმეტაში ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად ყურძნის მოსავალი განადგურდა >>
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახშანში, მატანსა და ქისტაურში ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად ყურძნის მოსავალი განადგურდა. ასევე, სეტყვის შედეგად ახმეტაში ვენახებთან ერთად ხეხილიც დაზიანდა. ამასთან, სტიქიამ დააზარალა თელავის მიმდებარე სოფლები შალაური, კისისხევი და ნასამხრალი. მიმდინარეობს სტიქიით მიყენებული ზარალის ოდენობის დაანგარიშება.