მოხალისეებმა ანაკლიაში შტორმის შედეგად დაბინძურებული სანაპირო დაასუფთავეს

დასუფთავების მასშტაბურ აქციაში ათასამდე მოხალისე იღებდა მონაწილეობას.
Sputnik

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლზე, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიას ინიციატივით დასუფთავების აქცია მოეწყო, ნათქვამია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ორდღიანი შტორმის შედეგად დაბინძურებული ზღვის სანაპირო ზოლის დასუფთავების აქციაში ათასამდე მოხალისე იღებდა მონაწილეობას.

აქციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია, საკრებულოს წევრებთან და აპარატის თანამშრომლებთან ერთად შეუერთდა.

„აქციაში ათასამდე თანამშრომელი იღებდა მონაწილეობას. დასუფთავდა ხუთკილომეტრიანი ანაკლია-განმუხურის სანაპირო ზოლი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დამსვენებლებს ნებისმიერ დროს სანაპიროზე სუფთა და სასიამოვნო გარემო უნდა დახვდეთ”, — განუცხადა ჟურნალისტებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიამ.

ლაშა გოგიას განცხადებით, აქცია მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.