აბასთუმანში ისტორიული ობიექტების სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ისტორიული ხის სახლების, ობსერვატორიისა და მიმდებარე საბაგირო გზის რეაბილიტაცია წელს დაიწყო და მომავალი წლის ბოლოს დასრულდება.
Sputnik

თბილისი, 18 აგვისტო — Sputnik. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო აბასთუმანში მე-19, 20-ე საუკუნეებში აშენებული სახლებისა და ასტროფიზიკური ობსერვატორიის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

პროექტის ფარგლებში იგეგმება ტელესკოპის შენობის სრული რეაბილიტაცია. აქვე განთავსდება ვიზიტორთა საინფორმაციო ცენტრი და კაფე, მოეწყობა საგამოფენო-სამუშაო სივრცე და აღდგება არსებული ბიბლიოთეკა.

რატომ არ ვითარდება შიდა ტურიზმი საქართველოში

აგრეთვე იგეგმება მთავარი საპროექტო შენობის მიმდებარედ დასახლებული ცენტრალური ტერიტორიის კეთილმოწყობა, 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის აღდგენა, საპირფარეშოებისა და პარკინგის მოწყობა.

ადგილზე ჩავიდა და სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი.

„აბასთუმნის განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანი პროექტები გვაქვს დაწყებული, გარდა ისტორიული ხის სახლების, საგანმანათლებლო-სამეცნიერო და ტურისტული მნიშვნელობის ასტროფიზიკური ობსერვატორიის სრული რეაბილიტაციისა, სამინისტრო ახორციელებს საგზაო პროექტებს და უახლოეს მომავალში დაგეგმილია წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების მოწესრიგება. მალე აბასთუმანი დაიბრუნებს თავის, ისტორიულ მნიშვნელობას“, — განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ძველი ხიდი აბასთუმანში

ისტორიული ხის სახლების, ობსერვატორიისა და მიმდებარე საბაგირო გზის რეაბილიტაცია წელს დაიწყო და მომავალი წლის ბოლოს დასრულდება.

აბასთუმანში ობსერვატორია 1932 წელს აკადემიკოსმა ევგენი ხარაძემ დააარსა და ის პირველი სამთო ასტროფიზიკური დაწესებულებაა ყოფილ საბჭოთა კავშირში. მას წელიწადში დაახლოებით 10 ათასი ტურისტი სტუმრობს. სარეაბილიტაციო სამუშაოები მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.