სტიქიით დაზარალებული მუნიციპალიტეტების დასახმარებლად ხუთ მილიონ ლარამდე გამოიყო

სტიქიით მიყენებულ ზარალს პარალელურად სხვა რეგიონებშიც ითვლიან
Sputnik

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. სტიქიით დაზარალებული რამდენიმე რეგიონისთვის 4 მლნ 800 ათასი ლარი გამოიყო, იუწყება ტელეკომპანია Imedi მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელის, სოზარ სუბარის განცხადებაზე დაყრდნობით.

მოგლეჯილი ხეები და სახურავის გარეშე დარჩენილი სახლები - სტიქია სამეგრელოში

სუბარის განცხადებით, პირველ რიგში შემდეგ რეგიონებს დაეხმარებიან — დუშეთი, ცაგერი, ლენტეხი, მცხეთა, ლანჩხუთი, თიანეთი. დუშეთისთვის, ცაგერისთვის და ლენტეხისთვის გამოყოფილია თითო მილიონი ლარი, მცხეთისთის 800 ათასი, ლანჩხუთისთვის 600 ათასი, თიანეთისთვის კი — 400 ათასი ლარი.

პარალელურად სტიქიით მიყენებულ ზარალს ითვლიან სხვადასხვა რეგიონებშიც, კერძოდ, სამეგრელოში, მარტვილისა და სენაკის რაიონში, ასევე ჭუბერში.

"ყველგან ჩატარდა პირველადი სამუშაოები: მდინარის კალაპოტში მოქცევა, დროებითი ხიდები, მაგრამ პარალელურად ვითვლით ზარალს, რომ გაირკვეს, რამდენი ლარი დაუჯდება მთავრობას ეს ზარალი",- განაცხადა სოზარ სუბარმა.

სტიქიით დაზარალებული მუნიციპალიტეტების საკითხი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს.