სააკაშვილს ჰოლანდიაში უჩივლეს: ექსპრეზიდენტი „მოკრძალებულ ფინანსებს“ უფრთხილდება

ყოფილ პრეზიდენტს ჰოლანდიაში სასამართლოს წინაშე წარდგომა ქართული ბანკის მფლობელის მიმართ გამონათქვამების გამო მოუწევს
Sputnik

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. ქართული „ლიბერთი ბანკის" მფლობელმა ირაკლი რუხაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ შეურაცხყოფისთვის სარჩელი შეიტანა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

რუხაძე სააკაშვილსგან საჯაროდ გამოთქმული შეურაცხყოფისთვის კომპენსაციასა და ბოდიშის მოხდას მოითხოვს. ამა წლის მაისში სააკაშვილმა რუხაძეს ბანკების მეშვეობით საქართველოს მოსახლეობის გაძარცვა დააბრალა.

„მათი მიზანია, რომ ამ სასამართლოში დამაბან შემდეგი რამდენიმე კვირა, არ ვიყო დაკავებული საქართველოთი. ჩემი მოკრძალებული ფინანსური რესურსები, უკანასკნელი დავხარჯო ივანიშვილთან და მის მაფიასთან ბრძოლაზე. თვითონ უხდიან ასობით ათას დოლარს თავის იურისტებს სხვადასხვა ასეთ საქმეებზე", - განაცხადა სააკაშვილმა ტელეარხის ეთერში სასამართლოს პირველი სხდომის შემდეგ.

სააკაშვილის განაჩენი ძალაში დარჩა

თავად რუხაძემ ჟურნალისტებთან კომენტარზე უარი განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილმა საქართველო ახალი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის უფლებამოსილების ძალაში შესვლის დღეებში დატოვა და მას შემდეგ სამშობლოში აღარ დაბრუნებულა. ის შიდასახელმწიფოებრივ ძებნაშია გამოცხადებული, ასევე დაწყებულია პროცედურები, რათა მასზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდეს.

სააკაშვილმა 2015 წელს უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და ამით ავტომატურად დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა. ის გარკვეული პერიოდი ოდესის ოლქის გუბერნატორი იყო, მაგრამ 2016 წელს თანამდებობა სკანდალურად დატოვა. 2017 წლის ივლისში უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა. მოგვიანებით ის ნიდერლანდებში გადავიდა, სადაც მიიღო მოწმობა, რომ შეუძლია იცხოვროს და იმუშაოს ევროკავშირის ქვეყნებში.

მიმდინარე წლის ივნისში თბილისის საქალაქო სასამართლომ მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთ საქმეში — 2005 წელს პარლამენტის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეში ცნო დამნაშავედ და მას დაუსწრებლად ექვსი წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.