ეკონომიკის მინისტრი გაზზე ფასის მომატებაში პრობლემას ვერ ხედავს

კომერციული მომხმარებლებისთვის გაზის ფასი დედაქალაქსა და რეგიონებში, პრაქტიკულად, გათანაბრდა
Sputnik

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. გაზგამანაწილებელი კომპანია „ყაზტრანსგაზ-თბილისის" მიერ კომერციული ორგანიზაციებისთვის ტარიფების მომატება პრობლემა არ არის, განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ მთავრობის სხოდმის შედეგებზე გამართულ ბრიფინგზე.

ვის უძვირდება გაზი სექტემბრიდან - „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ განცხადებას ავრცელებს

თბილისში მომუშავე კომერციული საწარმოები კუბურ მეტრ გაზზე 16 სექტემბრიდან, ნაცვლად 0,75 ლარისა, 0,805 ლარს გადაიხდიან (დღგ-ის ჩათვლით). „ყაზტრანსგაზ — თბილისი" ამჟამად ჯამში 500 ათასამდე აბონენტს ემსახურება. გაზის ტარიფის კორექტირება კი მხოლოდ 15 ათასი აბონენტისთვის მოხდება. სამომხმარებლო გაზის საფასური ერთ კუბურ მეტრზე 46,153 თეთრი დარჩება.

„კომერციული ტარიფი კომერციული ორგანიზაციებისთვის, გასაკვირია, თუმცა, რატომღაც, ფასი თბილისში უფრო დაბალია, ვიდრე — რეგიონებში. ვერავითარ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ ოპერატორმა მცირედით აწია ფასი კომერციული ორგანიზაციებისთვის. არანაირად არ აისახება ეს კერძო მომხმარებელზე. ზოგადად, ჩვენ კომერციულ სექტორს არ ვკარნახობთ, რა ფასი უნდა დააწესონ. ეს არ არის ჩვენი პრეროგატივა", — განაცხადა ქობულიამ.

კომერციული აბონენტებისათვის რეგიონებში ერთ კუბურ მეტრზე გაზის ფასი შეადგენს 86 თეთრს (დღგ-ის ჩათვლით).