ბახტაძე: მერკელის ვიზიტი საქართველოში პოლიტიკურის გარდა, ეკონომიკურ კომპონენტსაც მოიცავს

გერმანიის კანცლერი აგვისტოს ბოლოს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებში ტურნეს გეგმავს
Sputnik

თბილისი, 17 აგვისტო — Sputnik. წამყვანი ევროპული ქვეყნის უმაღლესი რანგის თანამდებობის პირის სტუმრობა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველო ევროპისთვის ნამდვილად არის სანდო და საიმედო პარტნიორი, ასე შეაფასა გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტი პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

გერმანიის სახელმწიფო კანცლერი ანგელა მერკელი საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით 23-24 აგვისტოს, სამხრეთ კავკასიაში ტურნეს ფარგლებში ეწვევა.

„მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურის გარდა, ეს ვიზიტი მოიცავს ეკონომიკურ კომპონენტსაც, ქალბატონ მერკელს ჩამოჰყვებიან ბიზნესწრეების წარმომადგენლებიც, რომელთან ერთადაც მრგვალი მაგიდის ფორმატში გვექნება საუბარი. მნიშვნელოვანია, რომ ამ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ ქართული კომპანიებიც", — აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

საქართველოში მერკელი ჩამოდის: ქართული მხარის მოლოდინები

პრემიერის განცხადებით, ვიზიტისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საქართველო-გერმანიის ურთიერთოების შემდგომ გაღრმავებას, ორ ქვეყანას შორის პარტნიორული ურთიერთობებისა და მეგობრობის კიდევ უფრო განმტკიცებას.

რამდენიმე დღის წინ გერმანიის კანცლერის ვიზიტი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმაც შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის გერმანიის მხარდაჭერა ევროკავშირში და ჩრდილოატლანტიკურ ორგანიზაციაში ძალიან მნიშვნელოვანია.

იმის შესახებ ინფორმაცია, რომ გერმანიის კანცლერი შეიძლება საქართველოს ეწვიოს, პირველად 2015 წელს გაჟღერდა. მაშინ მერკელი ირაკლი ღარიბაშვილმა მოიწვია, რომელიც საქართველოს მთავრობის მეთაური იყო.

საქართველოს და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის აპრილში დამყარდა. იმ დროიდან მხარეები აქტიურად თანამშრომლობენ სხვადასხვა სფეროებში.