კანალიზაციიდან ახალშობილი ამოიყვანეს: ყურადღება! ვიდეო შეიცავს მძიმე კადრებს

ქუჩაში მიმავალ მერძევე ქალს საკანალიზაციო მილიდან კნავილი შემოესმა და იფიქრა, რომ ეს კნუტი იყო, და ამის შესახებ იქვე მცხოვრებ 45 წლის ქალს აცნობა
Sputnik

საშინელი ამბავი, რომელიც ამ ვიდეოზეა აღბეჭდილი, ინდოეთში მოხდა. ქუჩაში მიმავალ მერძევე ქალს საკანალიზაციო მილიდან კნავილი შემოესმა და იფიქრა, რომ ეს კნუტი იყო. ამის შესახებ იქვე მცხოვრებ 45 წლის ქალს, სახელად გიტას აცნობა, წერს გამოცემა Daily Mail-ი. 

როდესაც გიტა დაიხარა და 30 სმ დიამეტრის მქონე მილში შეიხედა, კანკალი დააწყებინა, ვინაიდან იქ კნუტი კი არა, ახალშობილი ბავშვი იყო შეტენილი, რომელსაც ჭიპლარი ჰქონდა ყელზე შემოხვეული. 

გიტამ გაცრეცილი და ჭუჭყში ამოთხვრილი ბიჭუნა მილიდან ამოიყვანა და სასწრაფოდ დაბანა და საავადმყოფოში წაიყვანა. 

ექიმებმა ბიჭუნას უმკურნალეს და ახლა ის აბსოლუტურად ჯანმრთელია. ის კიდევ ცოტა ხანს დარჩება საავადმყოფოში, მერე კი ბავშვთა სახლში გადაიყვანენ. 

როგორც ადგილობრივი მედია წერს, ვიდეოს ინტერნეტში განთავსების შემდეგ საავადმყოფოში ათობით მოთხოვნა შევიდა ბავშვის შვილებაზე.

სხვათა შორის, ეს თავად ბიჭუნას მხსნელ გიტასაც სურს. 

პოლიცია ინციდენტს იძიებს.