საქართველოში დანაშაულის სტატისტიკა მძიმდება

საქართველოში 2017 წლის პირველ შვიდ თვეში 21 ათასი დანაშაული მოხდა, ხოლო მიმდინარე წლის შვიდ თვეში – 33 ათასი
Sputnik

თბილისი, 16 აგვისტო – Sputnik. საქართველოში იანვარ–ივლისში დარეგისტრირებული დანაშაულის რაოდენობამ 33 ათასს გადააჭარბა, რაც გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემზე 55,8%–ით მეტია. ასეთია საქართველოს შსს–ს ვებგვერდზე განთავსებული მონაცემები.

წლის დასაწყისიდან გაიხსნა 12 ათასზე მეტი დანაშაული. დანაშაულის გახსნის მაჩვენებელია 36,6%.

საქართველოში დანაშაულის რაოდენობა კვლავ იზრდება

უველაზე გავრცელებული დანაშაულია საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, როგორიცაა ქურდობა, ძარცვა, თაღლითობა და გამოძალვა. შვიდ თვეში დაფიქსირდა ამგვარი დაახლოებით 13 ათასზე მეტი დანაშაული. ეს გასული წლის ამავე პერიოდის მონაცემზე 68,8%–ით მეტია.

მეორე ადგილზეა ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები – ჯანმრთელობისთვის განზრახ მძიმე ზიანის მიყენება, ძალადობა, ოჯახური ძალადობა და სხვა. შვიდ თვეში დაფიქსირდა ასეთი 6,3 ათასი დანაშაული, რაც გასული წლის მაჩვენებელზე 142%–ით მეტია.

მესამე ადგილზეა ნარკოდანაშაული. მიმდინარე წლის შვიდ თვეში ასეთი 2,5 ათასი დანაშაული დაფიქსირდა, რაც გასული წლის მონაცემზე 18,8%–ით ნაკლებია.