17 წლის ქართველი ვირტუოზი შვეიცარიაში 30 კაციანი სპეციალური აუდიტორიისთვის დაუკრავს

ნორჩი ვირტუოზი Steinway-ს როიალზე დაუკრავს, რომელიც რახმანინოვს თავად სტეინვეიმ აჩუქა.
Sputnik

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. ქართველი პიანისტი და კომპოზიტორი, 17 წლის სანდრო ნებიერიძე 28 სექტემბერს სოლო კონცერტს გამართავს შვეიცარიაში, კომპოზიტორ სერგეი რახმანინოვის ვილა „სენარში“. ამის თაობაზე Sputnik-საქართველოს თავად პიანისტმა აცნობა. 

ნორჩი ვირტუოზი Steinway-ს როიალზე დაუკრავს, რომელიც რახმანინოვს თავად სტეინვეიმ აჩუქა. საღამოს პროგრამაშია რახმანინოვის სონატა №2, ვოკალიზი და ორი ეტიუდი.

„კონცერტს სპეციალური აუდიტორია  დაესწრება — დაახლოებით 30 ადამიანი, ვინაიდან ეს დარბაზი კი არა, სტუდიაა, სადაც სერგეი რახმანინოვი მუშაობდა. დიდი ხანია ვოცნებობდი, დამეკრა „სენარში“, რახმანინოვის როიალზე. ჩემთვის ეს უზარმაზარი პატივია და პასუხისმგებლობა, დავუკრა დიდი კომპოზიტორის ინსტრუმენტზე“, — აცხადებს ნორჩი პიანისტი და კომპოზიტორი.

სანდრო ნებიერიძე 17 წლის პიანისტი და კომპოზიტორია. არის ფორტეპიანოსა და სხვა ინსტრუმენტებისთვის თხზულებებისა და ოპერის ავტორი, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი — მათ შორის, Musica. Sepashvili Klavierwettbewerb (2009, I პრემია); Balys Dvarionas International Piano Competition ვილნიუსში (ლიტვა, 2012), საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი-ფესტივალი კიევში (უკრაინა, 2013), Astana Piano Passion (ყაზახეთი, 2015, I პრემია). 

პიანისტი კონცერტებით მოგზაურობს საქართველოსა და ევროპაში. მუსიკოსის საკონცერტო პროგრამაში შესულია საკუთარი ნაწარმოებებიც.