სალომე ზურაბიშვილი: დიასპორას ერთი ან ორი დეპუტატი უნდა ჰყავდეს

პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი „დიასპორის სახლის“ შექმნის წინადადებით გამოდის, სადაც ემიგრანტებს დაეხმარებიან
Sputnik

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik. დიასპორას ერთი ან ორი დეპუტატი უნდა ჰყავდეს, რომელიც მხოლოდ ემიგრანტული ხმებით იქნება არჩეული, განაცხადა  პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა  სალომე ზურაბიშვილმა 

„პოლიტიკურად დიასპორის ჩართულობა უნდა გაიზარდოს. დიასპორას ერთი ან ორი დეპუტატი უნდა ჰყავდეს, რომელიც არჩეული მხოლოდ ემიგრანტული ხმებით იქნება. ის ერთი თუ ორი დეპუტატი მათი ინტერსების დამცველი, რეალური ხმა იქნება და ეს ის გამოცდილებაა, რაც იტალიასა და საბერძნეთს აქვთ“, – განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს.

ზურაბიშვილი: ძალიან ბუნებრივად მაქვს იმედი, რომ ეს პარტია დღესაც მხარს დამიჭერს

პრეზიდენტობის კანდიდატის განმარტებით, მიღებულია ცვლილებები როგორც კონსტიტუციაში, ასევე კანონში, რომლის გათვალისწინებით, ორმაგი მოქალაქეობა აკრძალული აღარ არის და უცხოეთში მყოფი თანამემამულეები შეძლებენ, რომ საქართველოს მოქალაქეობა დაიბრუნონ. ეს პირველი ნაბიჯია, რომ სამშობლოსა და თანამემამულეებს შორის უხილავი კავშირი დაკარგული არ იყოს.

სალომე ზურაბიშვილის აზრით, რეალური ზომებია მისაღები იმისათვის,  რომ დიასპორა ამ ქვეყნის ნაწილი გახდეს. 

„ერთი ასეთი იდეა დიასპორის სახლია. ქვეყანა დაბრუნების ტალღისთვის მზად არ არის და ამას პროპაგანდას არ უნდა ვუწევდეთ, მაგრამ ვისაც ამის სურვილი და მზადყოფნა აქვს, მათთვის დიასპორის სახლი უნდა არსებობდეს, როგორც იუსტიციის სახლი გვაქვს სხვადასხვა ადგილას, სადაც ადამიანი ჩამოვა და ყველაფერს გაიგებს იმის შესახებ, როგორ იქნება მისი დაბრუნების სხვადასხვა ეტაპი“, — აღნიშნა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილს „სააკაშვილის სასახლეში“ მუშაობა არ სურს

სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რომ ამ სახლში  ემიგრანტებს შეეძლებათ ისეთი სახის  ინფორმაციის მიღება, როგორიც არის დასაქმება, სად შეიძლება ბინების დაქირავება, როგორ შეიძლება რეგიონში დაბრუნება და ასე შემდეგ. გარდა ამისა, მათთვის, ვინც მაგალითად,  ნიუ-იორკიდან რეგიონში დაბრუნდება, ფინანსური კრედიტებიც უნდა არსებობდეს. 

სალომე ზურაბიშვილის თქმით, გარდა ამისა,  საქართველოში ის ახალგაზრდები უნდა დაბრუნდნენ და დაწინაურდნენ, რომელთა სწავლა სახელმწიფომ დააფინანსა.

„აქ უცხოეთში მიღებულ განათლებულ ადამიანებს დიდად არ ელოდებიან, მათ მიმართ შიში თუ ეჭვია, რომ აქტიურ ცხოვრებაში მთლიანად არ შემოვიყვანოთ მაშინ, როცა ჩვენი თუ პარტნიორების თანხები გადახდილია. უნდა დაბრუნდნენ და ქვეყანას უნდა გამოადგნენ, ამისთვის მკაცრი ზომები უნდა მივიღოთ“, – აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.  

სალომე ზურაბიშვილი – 2003-2004 წლებში საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში და საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობს, როგორც  დამოუკიდებელი კანდიდატი. ის საფრანგეთში, ქართველი ემიგრანტების ოჯახში დაიბადა და გაიზარდა.