ქართველი მწერლის გერმანულენოვანი რომანი პრემია Deutschen Buchpreis 2018-ის პრეტენდენტია

​Deutscher Buchpreis-ზე ყოველ წელს 150 მწერალს წარადგენენ. გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი ჯილდო 25 ათას ევროს ოდენობით, ხოლო შორტ-ლისტში შესულ ნომინანტებს — 2 500 ევრო თითოეულს.
Sputnik

თბილისი, 16 აგვისტო — Sputnik.  რომანი „კატა და გენერალი“, რომელიც გერმენიაში მცხოვრებ ქართველ მწერალსა და დრამატურგ ნინო ხარატიშვილს ეკუთვნის, პრესტიჟული გერმანული ლიტერატურული პრემია Deutschen Buchpreis 2018-ის პრეტენდენტთა სიაში მოხვდა.

პრემია, რომელიც გერმანელმა წიგნით მოვაჭრეებმა დააწესეს 2005 წელს, ყოველწლიურად გადაეცემა წლის საუკეთესო გერმანულენოვანი რომანის ავტორს. 

​Deutscher Buchpreis-ზე ყოველ წელს 150 მწერალს წარადგენენ. გამარჯვებულს გადაეცემა ფულადი ჯილდო 25 ათას ევროს ოდენობით, ხოლო შორტ-ლისტში შესულ ნომინანტებს — 2 500 ევრო თითოეულს.

Deutschen Buchpreis 2018-ის შორტ-ლისტი გერმანიაში 11 სექტემბერს გამოქვეყნდება, ხოლო გამარჯვებული 8 ოქტომბერს გამოვლინდება.

რომანი „კატა და გენერალი“ დაძაბული, ფსიქოლოგიურად ღრმა რომანია დანაშაულისა და სასჯელის, ქვეყნებსა და ადამიანების გონებაში მიმდინარე ომებისა და მშვიდობისა და ხსნის ძებნის შესახებ.

ნინო ხარატიშვილი 1983 წელს დაიბადა თბილისში. სწავლობდა კინორეჟისურას, შემდეგ კი თეატრალურ რეჟისურას ჰამბურგში. მისი პირველი წიგნი Der Cousin und Bekina 2002 წელს გამოიცა. ამ დროისათვის არის გეტინგენის თეატრის მუდმივი ავტორი. 2018 წელს მიენიჭა ბერტოლდ ბრეხტის პრესტიჟული გერმანული ლიტერატურული პრემია რომანისთვის „მერვე სიცოცხლე“.