კომპეტენციის ილუზია: სად იმუშავებს საქართველოს ახალი პრეზიდენტი

პარლამენტის თავმჯდომარე მომავალ პრეზიდენტს შედარებით მოკრძალებულ შენობას სთავაზობს
Sputnik

თბილისი, 15 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტის სასახლემ არ უნდა შექმნას ილუზია, რომ პრეზიდენტს უზომო უფლებამოსილებები გააჩნია, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის ეთერში.

პრეზიდენტის სასახლის თემა განსაკუთრებით აქტუალური საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებასთან ერთად გახდა. ამჟამად პრეზიდენტი ავლაბრის სასახლეში მუშაობს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს აშენდა, თუმცა, მმართველმა პარტიმ „ქართული ოცნება — დემოკრატიული მოძრაობა" მასშტაბებით შედარებით მოკრძალებული ორბელიანის სასახლე მოამზადა.

სალომე ზურაბიშვილს „სააკაშვილის სასახლეში“ მუშაობა არ სურს

„მთავარი პრინციპი, კრიტერიუმი არის ის, რომ პრეზიდენტის უფლებამოსილებებს უნდა შეესაბამებოდეს მისი სასახლე. ნებისმიერი სასახლე, ნებისმიერ შენობა, რომელიც აქვს დათმობილი კონკრეტულ ინსტიტუტს, არის სიმბოლო და ეს სიმბოლოც ბევრ რამეს განაპირობებს. როცა საუბარი მქონდა ილუზიებზე, რომელიც არის შექმნილი პრეზიდენტის ინსტიტუტის გარშემო, ერთ-ერთი ამის განმაპირობებელი არის პრეზიდენტის სასახლეც. ანუ, როცა სასახლე დიდია, ადვილია ილუზიის შექმნა, რომ პრეზიდენტის კომპეტენციებიც არის უფრო ფართო", — განაცხადა კობახიძემ.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სიმბოლოები​ თანხვედრაში იყოს უფლებამოსილებებთან, მათ შორის პრეზიდენტის სასახლეც

პრეზიდენტის არჩევნები საქართველოში 28 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნების შემდეგ ამოქმედდება შესწორებები კონსტიტუციაში, რომლის მიხედვით პრეზიდენტი კი დარჩება ქვეყნის მეთაურად და მტავარსარდლად, მისი გადაწყვეტილებები მთავრობასთან შეთანხმებით იქნება მიღებული. პირადად პრეზიდენტი გადაწყვეტს მხოლოდ შეწყალების, ამნისტიის, პარლამენტის კანონპროექტებზე ვეტოს დადებისა და რეფერენდუმების დანიშვნის საკითხებს.