კრის ბოტი საქართველოში ჩამოვიდა

„გრემის“ მფლობელი მუსიკოსი საქართველოში ქართველი მომღერლის ნანი ბრეგვაძის კონცერტში მიიღებს მონაწილეობას
Sputnik

თბილისი, 17 ივლისი — Sputnik. იტალიური წარმოშობის ცნობილი ამერიკელი ჯაზ-მესაყვირე  და კომპოზიტორი, კრის ბოტი საქართველოში  ჩამოვიდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი

„გრემის“ მფლობელი მუსიკოსი საქართველოში ლეგენდარული ქართველი მომღერლის ნანი ბრეგვაძის კონცერტზე მონაწილეობის მისაღებად  ჩამოვიდა, სადაც სპეციალური სტუმრის სტატუსით რამდენიმე კომპოზიციას შეასრულებს, მათ შორის დუეტს ლეგენდარულ ქართველ მომღერალთან ნანი ბრეგვაძესთან.

კონცერტი შავი ზღვის პირას 16 აგვისტოს გაიმართება.

ნანი ბრეგვაძისა და კრის ბოტის კონცერტი აგვისტოში გაიმართება

ამერიკელი ჯაზ-მესაყვირე, თავის ჯგუფთან ერთად, სასტუმროში დაბინავდება, ხვალ დღის პირველ ნახევარში კი საქართველოს ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და ნიკოლოზ რაჭველთან ერთად, „ბლექ სი არენაზე“ დარბაზში რეპეტიციას გაივლის.

საღამო შეკვეთილში „ბლექ სი არენაზე“ სამთავრობო პროგრამა Check in Georgia-ს ფარგლებში გაიმართება და ქვეყნის დამოუკიდებლობის 100 წლისთავს მიეძღვნება.

ბრეგვაძე და ბოტი ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით წარდგებიან. სცენაზე კომპოზიტორ ნიკოლოზ რაჭველის შექმნილი მუსიკოსების ცნობილი ჰიტების ორიგინალური ვერსიები გაჟღერდება.

კონცერტზე ასევე იმღერებენ ნანი ბრეგვაძის ქალიშვილი და შვილიშვილი — ეკა მამალაძე და ნატალია ქუთათელაძე, ასევე ნინო ქათამაძე, სტეფანე მღებრიშვილი და ბათუმის სახელმწიფო ცენტრის კაპელა.