მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ილუსტრატორი თავის ნამუშევრებს თბილისში წარმოადგენს

ახალგაზრდა ნიჭიერი მხატვარი დედაქალაქში თავის ნამუშევრებს კიდევ ერთხელ წარმოადგენს
Sputnik

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. ქართველი მხატვრის, გრაფიკული დიზაინერისა და ილუსტრატორის, ნინო ბოსიკაშვილის ნამუშევრებს სახელწოდებით „დრო" მულტიფუნქციური ცენტრის Fabrika ეზოში არტ-ბოქსებში 14 აგვისტოს გამოფენენ, ნათქვამია ღონისძიების Facebook-გვერდზე.

ნინო ბოსიკაშვილი თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებულია. მუშაობს კომპანია Biterium-ში კრეატიულ და არტ-დირექტორად, ასევე საერთაშორისო განვითარების აშშ-ის სააგენტოში (USAID) გრაფიკულ დიზაინერად.

ავსტრალიურმა არტ-გამოცემა Pictoria-მ 2018 წელს ნინო ბოსიკაშვილს მიუძღვნა სტატია, რომელშიც მის შემოქმედებას მაღლი შეფასება მისცა და ნინოს მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ილუსტრატორი უწოდა.

ბოსიკაშვილის ფერწერული და ციფრული ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებში საქართველოში, ინგლისში, გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში, ავსტრალიასა და სხვა ქვეყნებში.

მხატვარს მონაწილეობა აქვს მიღებული მრავალ პერსონალურ თუ ჯგუფურ გამოფენაში. მათ შორისაა STROKE Art Fair მიუნხენში, Anselmo Gallery იტალიაში, Art Up ბათუმში.

პროექტის ორგანიზატორია Artup.ge, რომლის მიზანია ციფრული ხელოვნების პოპულარიზაცია და განვითარება.