აზერბაიჯანის მოქალაქეს საქართველოში ნარკოტიკის შემოტანისთვის 15 წლით პატიმრობა მიესაჯა

მსჯავრდებული ქვეყანაში 7,2 გრამი ნარკოტიკის შემოტანას ორიგინალური ხერხით ცდილობდა
Sputnik

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. რუსთავის საქალაქო სასამართლომ აზერბაიჯანის მოქალაქეს განსაკუთრებით დიდი ოდენობის ნარკოტიკის უკანონო შეძენის, შენახვისა და საქართველოში შემოტანისთვის 15 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, აღნიშნულია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ირანის მოქალაქეს საქართველოში ნარკოტიკების შემოტანისთვის 17 წლით პატიმრობა მიესაჯა

ქართველმა პოლიციელებმა აზერბაიჯანის მოქალაქე ამა წლის თებერვალში სასაზღვრო პუნქტ „წითელ ხიდზე" დააკავეს. სამართალდამცველებმა გამოარკვიეს, რომ ბრალდებულმა აზერბაიჯანში შეიძინა ნარკოტიკული საშუალებები „მეტადონი", „მეტამფეტამინი' და „ჰეროინი" — სულ 7,2 გრამი, დამალა ის სხეულში და საქართველოში გამოემგზავრა.

აზერბაიჯანის მოქალაქის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე რამდენიმე მუხლით: ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა- შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით, საქართველოში ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შემოტანა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით. დანაშაული რვიდან ოც წლამდე ან უვადო პატიმრობით ისჯება.

გასულ კვირაი ამავე სასამართლომ, ასევე ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში შემოტანისთვის, 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ირანის მოქალაქეს, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს.