თბილისში პოპ-არტის, ანიმაციის და კომპიუტერული თამაშების დღესასწაული გაიმართება

დღესასწაულის სტუმრებს ანიმაციის და პოპ-არტის კაშკაშა ფესტივალი ელის
Sputnik

თბილისი, 14 აგვისტო — Sputnik. პოპ-არტის, ვიზუალური ხელოვნების, ანიმაციის, კოსპლეის და კომპიუტერული თამაშების სამდღიანი დღესასწაული Caucasus Con პირველად 2-4 ნოემბერს თბილისში ჩატარდება, ნათქვამია ფესტივალის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

არსენა 3D ფორმატში და ტაო-კლარჯეთის ქართული ძეგლების ვირტუალური რესტავრაცია–სკანირება >>

ღონისძიება სავაჭრო ცენტრ Tbilisi Mall-ის ტერიტორიაზე გაიმართება. პროექტი თანამედროვე ვიზუალური ხელოვნების და უახლესი ტექნოლოგიების სფეროებს აერთიანებს.

„გახდით პირველი Caucasus Con-ის ნაწილი, გაერთეთ, მიიღეთ მონაწილეობა კრეატიულ შეჯიბრებებში, გადაეშვით VR სამყაროს შთამბეჭდავ თავგადასავლებში, ნახეთ უახლესი ანიმაციური ფილმები და შეიძინეთ წარუშლელი შთაბეჭდილებები“, — ნათქვამია ღონისძიების ანონსში.

როგორც აღნიშნულია, კოსპლეის კონკურსში ყველა მსურველს შეუძლია წარადგინოს საკუთარი კოსტიუმი Tbilisi Mall-ის მთავარ მოედანზე. შეჯიბრებაში არც ასაკობრივი, არც თემატური შეზღუდვა არ არის. გათვალისწინებულია ფულადი პრიზები.

CG ანიმაცია - მულტიპლიკაცია ფანტასტიკის ზღვარზე

პროგრამაში ასევე გეიმჯემებია გათვალისწინებული. აქ შეიკრიბებიან თამაშების შემქმნელები — პროგრამისტები, გეიმდიზაინერები, მხატვრები, ხმის რეჟისორები და სხვა სპეციალისტები. 48 საათში მათ ერთი ან რამდენიმე თამაში უნდა შექმნან. 

ფესტივალის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მასტერ-კლასები ანიმაციაში, კოსპლეიში, ილუსტრაციაში და სხვა დისციპლინებში.

Caucasus Con მოხალისეებს იწვევს. მათ უნდა გააჩნდეთ პუნქტუალურობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პოზიტიურობა. საჭიროა ინგლისური ენის ცოდნა. ფესტივალის მოხალისეობის მსურველებმა უნდა შეავსონ ონლაინ-ფორმა.