მეუფე იაკობი : პატრიარქის მოცილება ვისაც სურდა, ლამის გმირად აცხადებენ

ბოდბელი ეპისკოპოსი, მეუფე იაკობი ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საქმეს ქადაგების დროს გამოეხმაურა.
Sputnik

„საზოგადოების ნაწილი ისე დაეცა, ავაზაკს, პატრიარქის მოცილება ვისაც სურდა, იმ დაჯგუფების ერთ-ერთ წევრს, აცხადებენ ლამის გმირად და ლამის მოწამედ. თითქმის ორი წელია,  მაგათ ავაზაკობას ვითმენ, ვუსმენ. არ გეგონოთ, რომ შეწყალების მოწინააღმდეგე ვარ, მე პრეზიდენტის გადაწყვეტილებაში ვერ ჩავერევი“, — განაცხადა მეუფე იაკობმა.

მეუფის თქმით, თუ სახელმწიფოს არ შეუძლია, თავად დაიწყებს სამართლიანობის აღდგენას.

9 აგვისტოს დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმა პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს მათი დაცვის ქვეშ მყოფის შეწყალების თხოვნით მიმართეს. ადვოკატების განცხადებით, მიუხედავად შეწყალების თხოვნისა, დეკანოზი თავს უდანაშაულოდ სცნობს.