აქვს თუ არა მთავრობას ლარის სტაბილიზაციის გეგმა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თვლის, რომ ლარის დევალვაციას გარე ფაქტორები განაპირობებს.
Sputnik

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. მთავრობას აქვს გეგმა, ლარის სტაბილურობის შესანარჩუნებლად, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

„ლართან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს მუდმივი კონსულტაციები მთავრობასთან, აღმასრულებელ ხელისუფლებასთან. მათ აქვთ სათანადო გეგმა იმისთვის, რომ უზრუნველყონ  ლარის სტაბილურობა და დარწმუნებული ვარ, რომ ეს მიზანი იქნება მიღწეული"-განუცხადა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი2"-ს.

პარლამენტის თავმჯდომარე თვლის, რომ არის არაერთი გარემოება საერთაშორისო დონეზე, რომელიც ქმნის გარკვეულ უარყოფით ტენდენციებს, ლარის სტაბილურობისათვის.

ლარის ახალი „სტარტი“ და საზაფხულო „ამბიციები“...

„დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგად სტაბილურობა იქნება უზრუნველყოფილი და ასევე, იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო ტენდენციებიც იქნება ჩვენთვის სახარბიელო," — განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 13 აგვისტოსთვის 2,5699 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

ეროვნულმა ვალუტამ გაუფასურება 10 აგვისტოს დილიდან დაიწყო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ეკატერინე მიქაბაძის განცხადებით, ლარის კურსზე საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ვალუტების დევალვაცია აისახა, თუმცა ეს საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე გავლენას მოკლევადიან პერსპექტივაში იქონიებს.