ტრაგიკული ექსკურსია: ავარიაში ბრალდებულს რვა წლით პატიმრობა შეეფარდა

ხევში გადავარდნილი მიკროავტობუსის მძღოლს თითქმის მაქსიმალური პატიმრობა შეეფარდა
Sputnik

თბილისი, 13 აგვისტო — Sputnik. თელავის რაიონულმა სასამართლომ 8 წლით პატიმრობა შეუფარდა მიკროავტობუსის მძღოლს, რომლის ბრალით გომბორის უღელტეხილზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, ნათქვამია პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ავარია გომბორზე: ბოლო ცნობები დაშავებულების შესახებ >>

საუბარია ავტოსაგზაო შემთხვევაზე, რომელიც მიმდინარე წლის 9 ივნისს მოხდა. გომბორის უღელტეხილზე Dodge Sprinter-ის მარკის მიკროავტობუსი, რომლითაც თბილისის 175-ე საჯარო სკოლის მე-6 კლასის მოსწავლეები და მშობლები კახეთში ექსკურსიაზე მიემგზავრებოდნენ, საავტომობილო გზიდან გადავიდა, ამობრუნდა და ხევში გადავარდა. ავარიის შედეგად დაიღუპა ოთხი ადამიანი, მათ შორის მეექვსეკლასელი გოგონა.

გომბორის გზაზე ავარიაში მოხვედრილი მიკროავტობუსის მძღოლი დაკავებულია

 „მოსახვევში გადაჭარბებული სიჩქარის გამო შესვლისას ვერ უზრუნველყო ავტომობილის უსაფრთხოდ მართვა, რის შედეგადაც ავტომანქანა გადავიდა გზიდან, შეეჯახა გზის დამცავ ჯებირს და ჯერ მცირე ზომის კლდეზე, შემდეგ კი საავტომობილო გზაზე გადავარდა“, — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებები 11-მა ადამიანმა მიიღო.

მძღოლის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე მიმდინარეობდა სსკ-ის 276-ე მუხლით („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა“), რაც 6-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.