საქართველოს მთავრობის მეთაური ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდა

ამერიკელმა კონგრესმენებმა ხაზგასმით აღნიშნეს ქართველი სამხედროების უმნიშვნელოვანესი წვლილი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადეს.
Sputnik

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ აშშ-ის კონგრესმენებთან შეხვედრაზე უსაფრთხოებისა და ეკონომიკის საკითხები განიხილა, ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მამუკა ბახტაძემ ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაციასთან შეხვედრისას, რომელსაც წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის მუდმივმოქმედი კომიტეტის თავმჯდომარე დევინ ნუნესი ხელმძღვანელობს, ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას და აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან დაკავშირებული ინიციატივების მხარდაჭერისთვის კონგრესმენებს მადლობა გადაუხადა.

მამუკა ბახტაძემ მეგობარი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებს უმასპინძლა

ადმინისტრაციის ცნობით,  შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა თავდაცვის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკურ  სფეროში თანამშრომლობაზე, მათ შორის სავაჭრო შეთანხმებების გაფორმების კუთხით. ასევე, ამერიკელმა კონგრესმენებმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნეს ქართველი სამხედროების უმნიშვნელოვანესი წვლილი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადეს.

შეხვედრას კონგრესმენი რიკ კროუფორდი, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუდი, ხოლო საქართველოს მხრიდან — ვიცე-პრემიერები — გიორგი გახარია და მაია ცქიტიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრნენ.