საქართველოში დიდგორობა აღნიშნეს

მთავრობის მეთაურმა „დიდგორის ჯვრით“ ქართველი სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა
Sputnik

თბილისი, 12 აგვისტო — Sputnik. პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე დიდგორის ველზე საზეიმო ღონისძიებებს დაესწრო.

ყოველ წელს 12 აგვისტოს საქართველოში დიდგორობა აღინიშნება. ამ დღეს 1121 წელს დავით აღმაშენებელმა დიდგორის ველზე თურქ-სელჩუკთა მრავალრიცხოვანი არმია დაამარცხა.

დავით აღმაშენებელი - სომეხთა განმათავისუფლებელი და ანისის „უჭირველად“ ამღები

„დავით აღმაშენებელმა ქართველ ერს ისეთი გამარჯვება მოუტანა, რომლითაც ნებისმიერი ერი იამაყებდა. დავით აღმაშენებელმა ჩვენ გვაჩვენა, რომ როდესაც შენს მხარეს არის სიმართლე და ჭეშმარიტება, არ არსებობს ძალა, რომელმაც შეიძლება დაგვამარცხოს. ეს არის ის დიდი ემოცია, რომელიც ქართველ ერს დღემდე მოგვყვება, რომელმაც შეგვინარჩუნა ჩვენი იდენტობა და სახელმწიფოებრიობა“, — განაცხადა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა „დიდგორის ჯვრით“ უფროსი ლეიტენანტი ჩიქოვანი და კაპრალი კობაია დააჯილდოვა და აღნიშნა, რომ განსაკუთრებით საამაყოა, როდესაც ხარ გამორჩეული სამხედრო და ამ ჯილდოს დიდგორის ველზე იღებ.

საქართველოში "დიდგორის" მემორიალს რესტავრაციას ჩაუტარებენ >>

2014 წელს დაწესდა სახელმწიფო ჯილდო —„დიდგორის ჯვრის ორდენი", რომელიც ყოველი წლის 12 აგვისტოს გადაეცემათ გამორჩეულ სამხედრო მოსამსახურეებს.