დედოფლისწყაროში ტაძრის რესტავრაცია დასრულდა

სამუშაოები საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის მხარდაჭერით ჩატარდა
Sputnik

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. დასრულდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის, სოფელ ოზაანის ცლუკაანის ყველაწმიდის სახელობის ეკლესიის სარეაბილიტაციო სამუშაოები, ნათქვამია საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს მუშებმა რესტავრატორის მეთვალყურეობის ქვეშ ეკლესია და სამრეკლოს ფასადი ხელით გაწმინდეს ცემენტის ნალესისგან და გაასუფთავეს ლითონის ჯაგრისებით.

მოიხსნა დაზიანებული კრამიტის საბურველი და კარნიზი ეკლესიის პერიმეტრზე, ქვედა კარნიზზე გადაეწყო ქვის წყობა. სამუშაოების დროს ასევე მთელი პერიმეტრი სპეციალური კირხსნარით გაამაგრეს. დასავლეთის შესასვლელ კარში ძველი წყობა დაშალეს და შემდეგ ქართული აგურით აღადგინეს.

ინტერიერსა და ფასადში ქვის ნაკერები სპეციალური კირხსნარით ამოავსეს. დასავლეთ კართან შეიცვალა ქვის კიბეები. გამაგრდა საძირკველი და მოეწყო სარკმელები.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2018 წლის აპრილ-ივლისში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ნებართვისა და საქართველოს ისტორიულ ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდის დაფინანსებით ჩატარდა.