როგორ ებრძვიან საქართველოში ცხოველთა დაავადებებს

მსხვილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია მიმდინარეობს ყველა იმ რეგიონში, სადაც დაავადების გამოვლენის რისკი არსებობს
Sputnik

თბილისი, 11 აგვისტო — Sputnik. ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგო აცრა ამ დროისათვის 350 000 მსხვილფეხა პირუტყვს ჩაუტარდა, ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნოდულარული დერმატიტი ვირუსული ინფექციური დაავადებაა, რომლითაც მხოლოდ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ავადდება. დაავადებისას პირუტყვს კანზე აღენიშნება კვანძები (ბორცვები), თვალებიდან და ცხვირიდან გამონადენი. დაავადება ვრცელდება მწერების საშუალებით, ასევე ცხოველიდან ცხოველზე პირდაპირი კონტაქტის გზით.

ვეტერინარების დეფიციტი – ვინ უმკურნალებს სოფლებში ცხოველებს >>

„სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტი მოუწოდებს ცხოველთა მეპატრონეებს, ითანამშრომლონ სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებთან, რადგან დროული პრევენციული ღონისძიებებით შესაძლებელია პირუტყვის დაცვა“, — ნათქვამია სააგენტოს განცხადებაში.

სააგენტო ნოდულარული დერმატიტის საწინააღმდეგო ღონისძიებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ატარებს. მსხვილფეხა პირუტყვის ვაქცინაცია მიმდინარეობს ყველა იმ რეგიონში, სადაც დაავადების გამოვლენის  რისკი არსებობს.

შექმნილია კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინა

ვაქცინაციისას გამოიყენება ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მიერ რეკომენდებული შტამისგან დამზადებული ვაქცინა. მიმდინარე წელს, საქართველოს მთავრობის განკარგულებით, დამატებით, 300 000 დოზა ვაქცინის შესყიდვა განხორციელდება. დამატებითი ვაქცინის შესყიდვა დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ხორციელდება.

ადამიანისთვის ნოდულარული დერმატიტი საშიში არ არის. დაავადების პრევენციისათვის საჭიროა რიგი ღონისძიებების ჩატარება, კერძოდ, მსხვილფეხა პირუტყვი მწერების საწინააღმდეგო პრეპარატებით უნდა დამუშავდეს, რაც საკმაოდ კარგ ეფექტს იძლევა.

მსხვილფეხა პირუტყვის ხორცის ან რძის საკვებად გამოყენება აცრიდან 7 დღის შემდეგ არის დაშვებული.

მანამდე საინფორმაციო სააგენტო „Sputnik-აზერბაიჯანმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის მხარე საქართველოდან შესულ სატრანსპორტო საშუალებებს დეზინფექციას ჩაუტარებს.

რუსეთმა საქართველოდან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის შეყვანა აკრძალა >>

აზერბაიჯანის სურსათის უვნებლობის სააგენტომ საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე სამცხე-ჯავახეთიდან მომავალი ავტომობილების დეზინფექციისთვის საჭირო ზომების გატარების მიზნით აზერბაიჯანის სახელმწიფო საბაჟო კომიტეტს მიმართა.

ასევე სააგენტო აცხადებს, რომ საქართველოდან მსხვილფეხა პირუტყვის შემოყვანისას აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ცხოველთა დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მოთხოვნები.