სამეგრელოში ძლიერმა წვიმამ საცხოვრებელი სახლები დატბორა

მოსახლეობა ხელისუფლებისგან შველას ითხოვს.
Sputnik

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელი შამადელა გარესამყაროს მოწყდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

სოფელში პრობლემები ძლიერმა წვიმამ შექმნა. მდინარე სკაიას ადიდების შედეგად გზა ჩაიხერგა, წაღებულია ხიდები, დატბორილია თხილის ბაღები, დახოცილია შინაური ფრინველი და განადგურებულია მოსავალი.

ქობულეთსა და კვარიათში მეწყრული პროცესები გააქტიურდა

ადგილობრივები სასმელი წყლის გარეშეც დარჩნენ.

ტელეკომპანია Imedi-ს ინფორმაციით, ანალოგიური  სიტუაციაა სენაკშიც. 

დატბორილია ქუჩები. ათეულობით ოჯახს გაუნადგურდა საყოფაცხოვრებო ნივთები, ტექნიკა. ისინი ადგილობრივ ხელისუფლებისგან ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ. განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა მშვიდობისა და ჭავჭავაძის ქუჩებზე.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ეს პრობლემა ყოველი წვიმის დროს იქმნება. ისინი სანიაღვრე არხების გაუმართაობაზე საუბრობენ და პრობლემის დროულად მოგვარებას ითხოვენ.

შსს: რეგიონებში სატრანსპორტო მოძრაობა სრულად აღდგენილია

სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ სენაკში კი ორი მოსახლე ამ დრომდე გარესამყაროსაა მოწყვეტილი. ძლიერმა წვიმამ ცენტრალურ მაგისტრალთან დამაკავშირებელი გზა სრულად წაიღო.

 წყალმა ასევე წაიღო ორი სოფლის — ლეძაძამეს და კვაუთის დამაკავშირებელი ხიდიც. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, უხვმა ნალექმა ჯერ საძირკველი დააზიანა, შემდეგ კი ხიდი მთლიანად მოგლიჯა. სოფლის მაჟორიტარი დეპუტატის, ხუხუნი გენადის თქმით, პაუთის უბანში 70 კომლია ჩარჩენილი.