შტორმი შავ ზღვაზე: ცურვა აკრძალულია

შტორმი 4-5-ბალიანი იქნება, ტალღების სიმაღლე კი შესაძლოა 1,5 მეტრიდან სამ მეტრამდე იყოს.
Sputnik

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შავი ზღვის სანაპიროზე დამსვენებლებს შტორმის შესახებ აფრთხილებს.

უწყების ცნობით, დღეს, 9 აგვისტოს, მოსალოდნელი შტორმის გამო, ზღვაში ცურვა აკრძალულია. ვარაუდობენ, რომ შტორმი 4-5-ბალიანი იქნება, ტალღების სიმაღლე კი შესაძლოა 1,5 მეტრიდან სამ მეტრამდე იყოს.

„შავი ზღვის სანაპიროზე, ყველა სამაშველო კოშკურაზე აღმართულია წითელი ალამი. კოშკურებზე თეთრი ალმის აღმართვის შემთხვევაში, ზღვაში შესვლა ნებადართული იქნება" — ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური დამსვენებლებს მოუწოდებს, ყურადღება მიაქციონ ამკრძალავ ნიშნებს და დაიცვან უსაფრთხოების წესები.