ვაშლიჯვარში ორდონიანი სატრანსპორტო კვანძის მშენებლობა იწყება

თბილისის მერის განცხადებით, პროექტი ვაშლიჯვრის დასახლებაში მოძრაობის განტვირთვას უზრუნველყოფს
Sputnik

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. თბილისში, მარშალ გელოვანის გამზირისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის სამშენებლო სამუშაოები იწყება, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

პირველი აგვისტოდან თბილისში ტაქსების რეგისტრაცია იწყება

როგორც კახა კალაძემ განაცხადა, პროექტი, რომელსაც თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური ახორციელებს, ვაშლიჯვრის დასახლებაში მოძრაობის განტვირთვას უზრუნველყოფს, ხოლო საბურთალოსა და დიღომს შორის ტრანსპორტის ნაკადის გამტარობას გაზრდის.

პროექტის მიხედვით, მოძრაობა ასევე განიტვირთება ნუცუბიძის პლატოდან ვაშლიჯვრის გავლით, დიღმის მიმართულებით და პირიქით მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის.

 „ვიცით, რომ აქ საცობების სერიოზული პრობლემაა. ვინც ამ გზაზე მოხვედრილა, დამეთანხმებით, რომ რამდენიმე წუთი, საათი გიწევს ამ მონაკვეთზე დგომა. პროექტის განხორციელების შედეგად, აღნიშნული მონაკვეთის განტვირთვას შევძლებთ",- განაცხადა კალაძემ.

პროექტის განხორციელებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 4 მლნ ლარზე მეტი დაიხარჯება. სამუშაოები კი 24 საათის განმავლობაში გაგრძელდება.

თბილისის მერია შესაძლო დისკომფორტისთვის მოსახლეობას ბოდიშს უხდის.