გენერალ ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე გიორგი ჭანტურია დააკავეს

გიორგი ჭანტურია ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების პროცესში 17 იანვარსაც დააკავეს
Sputnik

თბილისი, 8 აგვისტო — Sputnik. გენერალ სამსონ (სოსო) ქუთათელაძის მკვლელობის საქმეზე სამართალდამცველებმა გიორგი ჭანტურია გუშინ გვიან ღამით დააკავეს, იუწყება ტელეკომპანი Rustavi2.

ადვოკატების თქმით, ჭანტურია რუსთავში სახლთან ახლოს დააკავეს, რის შემდეგაც სახლის ჩხრეკა დაიწყეს.

სახლის ჩხრეკისას პოლიციამ სამი ავტომატი, 500 ვაზნა და 24 მჭიდი ამოიღო. ადვოკატების განაცხადებით, გიორგი ჭანტურიას მამის კუთვნილი სახლის ჩხრეკას რვა საათზე მეტი ხნის განმავლობაში ესწრებოდნენ. მათი მტკიცებით, იარაღები იქ მანამდე თვითონ სამართალდამცველებმა ჩადეს.

საქმეს ბოლომდე მივიყვანთ! – შინაგან საქმეთა მინისტრი გენერალ ქუთათელაძის მკვლელობაზე

„იარაღი ჩადებულია. ბოლო სამი დღე, სახლი დაკეტილი იყო, არავინ იმყოფებოდა. არის შესასვლელი ეზოდან, საიდანაც ამ იარაღის შეტანა შესაძლებელია", – განაცხადა ერთ-ერთმა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

ჭანტურია ამ დრომდე არ დაკითხულა, მას ბრალს სავარაუდოდ დღეს წაუყენებენ.

რუსთავში, ე.წ. სტამბულის ბაზრობის ტერიტორიაზე ყოფილი დეპუტატი, გენერალი სოსო ქუთათელაძე 15 იანვარს საკუთარ კაბინეტში იპოვეს მოკლული. ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების ფარგლებში ყოფილი პროკურორი გიორგი ჭანტურია 17 იანვარს დააკავეს. მის მიმართ საქმე საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას გულისხმობს. თუმცა, 18 იანვარს ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს.

გენერალი ქუთათელაძე მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი, ეროვნული გვარდიის სარდალი და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განათლების დეპარტამენტის უფროსი იყო.

ქუთათელაძე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომის მონაწილე იყო. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის ორდენით. შტატ ჯორჯიასა და აშშ-ის არმიაში განსაკუთრებული სამხედრო დამსახურებისთვის დაჯილდოებულია მედლებით. იყო აშშ-ის საპატიო გენერალ-მაიორი და საჩხერის საპატიო მოქალაქე.