ლურჯი ბიჭებს, ვარდისფერი გოგონებს: რა სკანდალში გაეხვია „სულაკაურის გამომცემლობა"

გამომცემლობა ეხმიანება გოგონებისა და ბიჭების წიგნების ირგვლივ ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს.
Sputnik

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. „ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ" უარი განაცხადა წიგნების გამოცემაზე, რომლებიც საზოგადოებაში გენდერული სტერეოტიპების განვითარებას უწყობენ ხელს.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უსწრებდა სოციალურ ქსელში სკანდალი — ხალხი უკმაყოფილო იყი „ქაღალდის თვითმფრინავის" სერიის ფარგლებში გოგონებისა და ბიჭებისთვის გამოცემული წიგნებით.

„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობის" ილუსტრატორებმა ბიჭებისთვის განკუთვნილ წიგნის დიზაინში ლურჯ ფონზე რობოტები, დინოზავრები, ქაღალდის თვითმფრინავები და ციფრები გამოსახეს. გოგონებისთვის განკუთვნილ ანალოგიურ წიგნებში კი ვარდისფერ ფონზე ყვავილები, ფერიები და მორთულობები დახატეს.

საქართველოში განქორწინების ინიციატორები უფრო მეტად ქალები არიან

ქართული საზოგადოების ზოგიერთმა წარმომადგენელმა ინტერნეტში უარყოფითად შეაფასა გამომცემლობის მსგავსი პოლიტიკა, რის შედეგადაც გამომცემლობამ კონცეფციას გადახედა.

როგორც გამომცემლობაში აღნიშნეს, ამიერიდან გამომცემლობის ყველა თანამშრომელი სოციალურ პასუხისმგებლობაზე იფიქრებს, რომელიც მათ საზოგადოების წინაშე, კერძოდ, მომავალი თაობის წინაშე აქვთ.

„ჩვენ ვიმსჯელეთ, თუ როგორი უნდა ყოფილიყო ჩვენი საგამომცემლო პოლიტიკა და გადავწყვიტეთ, აღარ გამოვცეთ წიგნები, რომლებიც საზოგადოებაში გენდერული სტერეოტიპების რაიმე ნიშნით გაღრმავებას შეუწყობს ხელს. მადლობას გიხდით ყურადღებისთვის და იმისთვის, რომ ჩვენი ერთგული მკითხველები ხართ, ასევე ვწუხვართ იმ დისკომფორტის გამო, რომელიც ჩვენ მიერ შერჩეული წიგნების გამოცემამ შექმნა", — ნათქვამია Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხაედბაში.