„ანას მომენტს" შვედეთში გამოსცემენ

მარი ბექაურის რომანი ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე სხვა ასობით წიგნთან ერთად იქნება წარმოდგენილი
Sputnik

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. ქართველი მწერლისა და სცენარისტის მარი ბექაურის რომანს „ანას მომენტი", რომელიც წელს ლიტერატურული პრემია „საბაზე" იყო ნომინირებული, შვედეთში გამოსცემენ.

„ძალიან მაგარი სიახლე მაქვს. შვედურმა გამოცემამ ჩემი და ლაშა ბუღაძის წიგნები იყიდა. მალე „ანას მომენტი" შვედეთში გამოვა. დიდი მადლობა ბაკურ სულაკაურის გამომცემლობას. მე არანორმალურად გახარებული ვარ", — წერს ბექაური საკუთარ Facebook-გვერდზე.

საქართველო ფრანკფურტის წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმარი გახდება

„ანას მომენტის" გმირი ახალგაზრდა წარმატებული მწერალი ანა ნაკაშიძე მოულოდნელად გონებას კარგავს. ექიმები დარწმუნებული არიან, რომ მის ამნეზიას ფიზიოლოგიური მიზეზები არ აქვს. ანას ფსიქოთერაპევტი და მისი მეუღლე, რომელიც პოლიციელია, ქალის ავადმყოფობაზე ეჭვობენ. ეს უცნაური ამბავი თანდათან მასშტაბებს იძენს, ქვეყნის ფარგლებს სცდება და იქცევა დიდი არეულობის დასაწყისად, რომელიც მანამდე გასტანს, სანამ მთელი მსოფლიო სიმართლის გარკვევის მოთხოვნით არ გაერთიანდება.

ცნობილია ლიტერატურული პრემია „საბას" ფინალისტები>>>

„ანას მომენტი" 2018 წლის ოქტომბერში ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობაზე სხვა ასობით წიგნთან ერთად იქნება წარმოდგენილი, სადაც საქართველო საპატიო სტუმრის სტატუსით პირველადაა მიწვეული.

მარი ბექაური ახალგაზრდა ავტორი და უკვე მრავალი ლიტერატურული ჯილდოსა და პრემიის ლაურეატია. მისი მოთხრობები შვიდჯერ შევიდა ყოველწლიურ კრებულში „15 საუკეთესო მოთხრობა". მარი ბექაურის ნაწარმოებები ექვს უცხო ენაზეა ნათარგმნი. 2015 წელს მწერალმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო ლიტერატურულ პროექტ The Novel of the World-ში.