თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. მსოფლიოში ცნობილი ინდოელი მსახიობი, მოდელი და მომღერალი პრიანკა ჩოპრა (Priyanka Chopra) ჟურნალ Harper's Bazaar-ის გარეკანზე ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი საყურეებით გამოჩნდა.
პრიანკა ჩოპრა „მის მსოფლიო 2000"-ის გამარჯვებულია. 2015 წლიდან ამერიკულ ტელესერიალ „კუანტიკოში" მთავარ როლს ასრულებს. არის ეროვნული კინოპრემია Filmfare Awards-ისა და ინდოეთის კინემატოგრაფიული ჯილდოების მფლობელი. 2016 წელს წარდგენილი იყო ქვეყნის სახელმწიფო პრემიაზე.
ექსკლუზიური ქმნილების — დრაკონის ფორმის მოოქროვილი საყურე — ავტორი აქსესუარების დიზაინერი ნათია ხუციშვილია. ამ შემთხვევაში საყურე ორი ქართველი დიზაინერის კოლაბორაციაა: ნათია ხუციშვილმა ორიგინალური ნივთი პოპულარული ქართველი დიზაინერის, ლაკო ბუკიას კოლექციისთვის შექმნა.
ფოტოსესიის ვიდეოკადრებში პრიანკა ჩოპრამ „დრაკონის" საყურეებს უსაყვარლესი ნივთი უწოდა.