სინგაპურსა და სამხრეთ კორეაში ქართული ღვინო ადგილობრივ კერძებთან ერთად დააგემოვნეს

მიმდინარე წლის 7 თვეში სამხრეთ კორეაში ექსპორტმა 40980 ბოთლს მიაღწია (ზრდა 130%), ხოლო - სინგაპურში 40800 ბოთლს (ზრდა 6700%).
Sputnik

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. ქართული ღვინის დეგუსტაციები კორეასა და სინგაპურში გაიმართა, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.

სამხრეთ კორეაში ქართული ღვინო  სეულის ერთ-ერთ პრესტიჟულ რესტორანში Kwonsooksoo იყო წარდგენილი და სტუმრებმა ქართული ღვინის მწარმოებელი 10 კომპანიის პროდუქცია ადგილობრივ კერძებთან ერთად დააგემოვნეს.

რამდენით გაიზარდა ქართული ღვინის ექსპორტი შვიდ თვეში

ღონისძიებას  ღვინის იმპორტიორები, ღვინის ბარებისა და რესტორნების წარმომადგენლები დაესწრნენ. მათი შეფასებით, დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო უმაღლესი ხარისხის ღვინოები, რომლებიც ჰარმონიულად ეხამება კორეულ სამზარეულოს.

ქართული ღვინო სინგაპურშიც ადგილობრივ სამზარეულოსთან ერთად იყო წარმოდგენილი. სტუმრებმა დააგემოვნეს 10 ქართული კომპანიის ღვინო და ჭაჭა. საღამოს ესწრებოდნენ ღვინის იმპორტიორები, მედიის,  რესტორნებისა და სასტუმროების ქსელების წარმომადგენლები. სინგაპურში ასევე გაიმართა შეხვედრები ადგილობრივი გაყიდვების მენეჯერებთან.

ქართული ღვინის დეგუსტაციები სინგაპურსა და სამხრეთ კორეაში ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია Meiburg Wine Media-ს ორგანიზებით გაიმართა. 

ქართული ღვინის წარდგენას „აზიის ტური 2018”-ის ფარგლებში, Meiburg Wine Media-ის მმართველი, ღვინის მაგისტრი დებრა მეიბურგი უძღვებოდა, რომელიც სტუმრებს ქართული ღვინის დაგემოვნების პარალელურად, მის კულტურასა და ისტორიას, ასევე თანამედროვე ქართული ღვინის ინდუსტრიას აცნობდა.

Booking-მა საქართველო მსოფლიოში ყველაზე შთამბეჭდავ ღვინის მიმართულებებს შორის დაასახელა

მიმდინარე წლის ბოლომდე აზიის ტურის ფარგლებში  ქართული ღვინის დეგუსტაციები ჩინეთის ქალაქებში — შანხაიში,  მაკაოში, სიამენში, გუანჯოუში, შენჭენსა და ჰონგ-კონგში გაიმართება.  

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნები ქართული ღვინისთვის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს. მიმდინარე წლის 7 თვეში სამხრეთ კორეაში ექსპორტმა 40980 ბოთლს მიაღწია (ზრდა 130%), ხოლო — სინგაპურში 40800 ბოთლს (ზრდა 6700%).