მშიერ-მწყურვალი: ტრაილერების მძღოლები თავის რიგს ლარსთან მესამე დღეა ელოდებიან

ბევრ ტრაილერს, რომელიც რუსეთ-საქართველოს საზღვრის გადაკვეთას ცდილობს, მალფუჭებადი პროდუქტები გადააქვს
Sputnik

თბილისი, 7 აგვისტო — Sputnik. სატვირთო ავტომობილების მრავალკილომეტრიანი რიგი დგას საბაჟო-გამშვები პუნქტ „ყაზბეგი-ზემო ლარსისკენ“ მიმავალ საქართველოს სამხედრო გზაზე, ადგილიდან იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

ვითარება საქართველო-რუსეთის საზღვარზე: „ყაზბეგი" შეუფერხებლად მუშაობს >>

ამასთან, არანაირი სირთულე არ ექმნება სამგზავრო ტრანსპორტს. ტრაილერების მძღოლები აცხადებენ, რომ რიგში უკვე მესამე დღეა დგანან, მათ მალფუჭებადი საქონელი, მათ შორის ყვავილები და ხილი მიაქვთ.

„რა ხდება, არ ვიცით. გვეუბნებიან: იდექით, დაელოდეთ. მათთვის სულერთია, რომ მალფუჭებადი საქონელი გვაქვს. მაგრამ საქონელს ვინ ჩივის, საჭმელი არ გვაქვს, მარაგი დაგვიმთავრდა, არავინ იფიქრებდა, რომ ამდენ ხანს მოგვიწევდა ლოდინი. მაღაზიაში ტრაილერით წასვლას პატრული არ გვანებებს, ფეხით შორსაა. ვშიმშილობთ“, — გვიამბო ერთ-ერთი ტრაილერის მძღოლმა, რომელიც სომხეთიდან რუსეთში მიემგზავრება.

Пробка по дороге к ТПП "Казбеги - Верхний Ларс"

რუსეთის მოქალაქემ ანდრეი არუთინიანმა გვიამბო, რომ ის ოჯახთან ერთად რუსეთიდან სომხეთში საქართველოს გავლით მიემგზავრება და „ზემო ლარსზე“ მას 12 საათი ლოდინი მოუწია.

მანამდე სომხეთის ტრანსპორტის, კავშირგაბმულობისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილე არმენ პამბუქჩიანმა ზემო ლარსის გავლით სომხეთში მოხვედრის მსურველები საქართველოსა და რუსეთის საზღვრის ტერიტორიაზე ავტომობილების დიდი რიგის შესახებ გააფრთხილა. 

საქართველოს შსს-მ სიტუაციის კომენტირებისას განაცხადა, რომ საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი" შეფერხებების გარეშე მუშაობს. უწყების მონაცემებით, პრობლემები „ზემო ლარსზე“ გაჩნდა — რუსული მხარე ავტომობილების დიდ ნაკადს ვერ უმკლავდება.

Пробка по дороге к ТПП "Казбеги - Верхний Ларс"

ჯერ კიდევ ივლისის დასაწყისში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსულმა მხარემ სატვირთო მანქანების ლიმიტი დააწესა, დღე-ღამეში ორჯერ ნაკლები ავტომობილის გატარება ხდებოდა. ტურისტულ სეზონზე რუსეთის საბაჟო მოხელეთათვის პრიორიტეტულს ტურისტებისა და მათი მანქანების მომსახურება წარმოადგენს.

„ყაზბეგი–ზემო ლარსი" ამჟამად საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე ერთადერთი მოქმედი საკონტროლო-გამშვები პუნქტია.