ქავთარაძე: გადავწყვიტე ახალგაზრდებისთვის ამ ადგილას რაიმე გასართობი გამეკეთებინა

სალაშქრო-სათავგადასავლო ბანაკი „პანკისი კემპინგის" დამფუძნებელი მანო ქავთარაძე ბანაკის შექმნის იდეაზე საუბრობს.
Sputnik

„ლაშქრობის დროს გავიცანი პანკისელი ახალგაზრდები. ეს იყო ჩემი პირველი შეხება ქისტებთან. ლაშქრობის დროს, როცა ეს ადგილები ვნახე, ძალიან მომეწონა. ეს ჩემთვის დიდი აღმოჩენა იყო. რადგან ასეთი საინტერესო ადგილი აღმოჩნდა, გადავწყვიტე, რომ ახალგაზრდებისთვის ამ ადგილას რაიმე გასართობი, დასასვენებელი გამეკეთებინა", —ამბობს ქავთარაძე.

მანო ქავთარაძემ პანკისის ხეობის, სოფელ ჯოყოლოს მკვიდრ ბეგი ბორჩაშვილთან ერთად იდეა რეალობად აქცია და რეგიონში პირველი სალაშქრო-სათავგადასავლო ბანაკი მოაწყო. მეგობრებმა USAID-ის პროგრამის ფარგლებში მიღებული გრანტით კარვები, საძილე ტომრები, ძირსაგებები, ჰამაკები, სალაშქრო ჩანთები შეიძინეს და დღეს უკვე ვიზიტორებს მასპინძლობენ. „პანკისი არ არის საშიში" – ეს ის მესიჯია, რომელსაც მანო ქართველ მოლაშქრეებს უგზავნის.