პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით თბილისში 2 პირი დააკავეს

ბრალდებულებმა პატრულ-ინსპექტორებს წინააღმდეგობა გაუწიეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
Sputnik

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 27 წლის რ.შ. და 37 წლის თ.ძ. პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აკაკი წერეთლის გამზირზე გვიან ღამით პატრულირების დროს, „დინამო-არენას“ მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე ახალგაზრდა მამაკაცი შენიშნეს, რომლებსაც ერთმანეთთან ურთიერთშელაპარაკება ჰქონდათ. პოლიციელებმა მათ წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს, თუმცა რ.შ. და თ.ძ. პატრულ-ინსპექტორებს — ალექსანდრე ხუჭუას და მალხაზ ხუფენიას წინააღმდეგობა გაუწიეს და ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

სამართალდამცველებმა გურიაში დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღეს

მომხდარის შედეგად, პატრულ-ინსპექტორი ალექსანდრე ხუჭუა ჯანმრთელობის დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სისხლის სამართლის საქმე რ. შ. და თ. ძ. მიმართ საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელისათვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

გარდა ამისა, პოლიციამ დააკავა ინცინდენტში მონაწილე სამი სხვა პირიც: 27 წლის გ. ბ., 39 წლის ჯ. ნ., 34 წლის თ. ს. მათ მიმართ საქმისწარმოება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაიწყო, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.