„ღირსეული პარტნიორი 2018“-ის ფარგლებში ვაზიანში საველე სწავლებები დაიწყო

ქვედანაყოფები საცეცხლე მომზადებას სხვადასხვა ტიპის შეიარაღებით გადიან.
Sputnik

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018“-ის ფარგლებში ვაზიანის სასროლეთზე სხვადასხვა სამხედრო ვარჯიში მიმდინარეობს, ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

ამ ეტაპზე ქვედანაყოფები საცეცხლე მომზადებას სხვადასხვა ტიპის შეიარაღებით გადიან.

აშშ–დან სამხედრო ტექნიკა საქართველოში ჩამოვიდა

„საერთაშორისო წვრთნაში ჩართული საქართველოს შეიარაღებული ძალების I ქვეითი ბრიგადის მე-12 ბატალიონი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღებიდან სხვადასხვა მანძილზე სროლის სავარჯიშოებს ასრულებს. საბრძოლო ჯავშანმანქანა „სტრაიკერების“ დახმარებით საცეცხლე მომზადებას გადიან  აშშ-ის II საკავალერიო პოლკის სამხედრო მოსამსახურეებიც“, — ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ქართველ სამხედროებთან ერთად ტაქტიკურ ამოცანებს ასრულებენ და საკუთარ გამოცდილებას ერთმანეთს უზიარებენ.

სამხედრო სწავლება საქართველოს შეიარაღებული ძალებისა და აშშ-ის ევროპული სარდლობის ლიდერობით ორი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. 

სწავლება წინა წლებთან შედარებით ფართომასშტაბიანია — გაზრდილია მასში მონაწილე ქვეყნებისა და სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა, გაზრდილია ასევე სწავლებაში ჩართული გერმანული ჯავშანტექნიკისა და ამერიკული ავიაციის რაოდენობაც.

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2018"-ის მიზანია საქართველოს, აშშ-ის და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნის და თავსებადობის ამაღლება. ასევე, სტაბილურობის, თავდაცვითი და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების გარემოს შექმნაში წვლილის შეტანა.

წვრთნები „ღირსეული პარტნიორი" 15 აგვისტოს დასრულდება.