წალენჯიხის საკრებულოს თანამშრომელი და სხვა პირები დანაშაულის დაფარვისთვის დააკავეს

ბრალდებულებმა მკვლელობის დეტალები იცოდნენ, თუმცა გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს.
Sputnik

თბილისი, 3 აგვისტო — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისსა და წალენჯიხაში განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით სამი პირი დააკავეს, რომელთაგან ერთ-ერთი წალენჯიხის საკრებულოს თანამშრომელია, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ  დამნაშავეებმა მიმდინარე წლის 12 ივლისს თბილისში, ჟონეთის ქუჩაზე  გევორქ სარქისიანის მკვლელობის ფაქტის დეტალები იცოდნენ, თუმცა გამოძიებასთან არ ითანამშრომლეს.

პოლიციამ ლუკა ფალიანის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

მკვლელობამდე სარქისიანს 15-მდე ახალგაზრდა მამაკაცთან დაპირისპირება მოუვიდა, რომელიც ჩხუბში გადაიზარდა, რა დროსაც მას დანით 22 ჭრილობა მიაყენეს. სარქისიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

განზრახ მკვლელობაში ძებნილი ბრალდებული წალენჯიხაში ჩავიდა და ერთ-ერთი დაკავებულის სახლში ორი დღის განმავლობაში იმალებოდა. იგი დამნაშავეების დახმარებით აფხაზეთის ტერიტორიაზე ფარულად გადასვლას გეგმავდა.

მანამდე, აღნიშნულ საქმეზე სამართალდამცველებმა  დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით მესტიაში 24 წლის მამაკაცი დააკავეს, რომელსაც ოთხ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

გამოძიება დაწყებულის სსკ-ის 375-ე და 376-ე მუხლებით („განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა და დანაშაულის შეუტყობინებლობა"), რაც მათ მიერ ჩადენილი დანაშაული ერთიდან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.