თბილისი, 2 აგვისტო — Sputnik. გერმანიიდან საქართველოში, ევროკავშირის ქვეყნებთან უვიზო რეჟიმის წესების დარღვევის გამო, 51 ადამიანია დეპორტირებული, იუწყება ტელეკომპანია Imedi.
ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა. საუბარია შენგენის ზონის ქვეყნებში მოკლევადიან (180 დღის მანძილზე საერთო ჯამში 90 დღით) ტურისტულ, საქმიან და სტუმრის სტატუსით ვიზიტებზე. გრძელვადიანი, სამუშაო ან სასწავლო ვიზიტებისთვის საქართველოს მოქალაქეებს ვიზების მიღება სჭირდებათ.
საქართველოს მოქალაქეები გუშინ საღამოს დიუსელდორფიდან სპეციალური რეისით ჩამოიყვანეს.
„მე სამკურნალოდ ვიყავი წასული. დიდი პატივი მცა გერმანიამ. აქ ფეხი მქონდა მოსაჭრელი და გერმანიამ შემინარჩუნა, ცხრა თვე მიმკურნალეს, ახლა საქართველომ მომხედოს", — განაცხადა ერთ-ერთმა დეპორტირებულმა.
უვიზო რეჟიმის უსიამოვნო შედეგი გახდა ის, რომ ევროკავშირის ქვეყნებში გაიზარდა საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა. თავიანთი შეშფოთება ამასთან დაკავშირებით გამოხატეს გერმანიამ, საფრანგეთმა, შვედეთმა და ისლანდიამ.
გერმანიის მთავრობამ უკვე დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც საქართველოს უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეყვანას გულისხმობს. საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს.
ბოლო სტატისტიკური მონაცემების თანახმად, რომელიც მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა, თავშესაფრის მაძიებელთა უმრავლესობა გერმანიაშია. ქვეყნის ხელისუფლებას 2018 წელს საქართველოს დაახლოებით 2,5 ათასმა მოქალაქემ მიმართა. თანხმობა მხოლოდ 1%-მა მიიღო.
შვედეთს თავშესაფარი წლის დასაწყისიდან საქართველოს 490-მა მოქალაქემ სთხოვა, ხოლო ბელგიას — 471-მა.