წყალზე ადამიანის უსაფრთხოების წესების დარღვევაზე ჯარიმები დაწესდა

დღეიდან ძალაში შევიდა სახანძრო უსაფრთხოების ახალი ნორმებიც და წესების დარღვევისათვის სანქციები გამკაცრდა
Sputnik

თბილისი, 1 აგვისტო — Sputnik. წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვისა და მისი უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის კანონდამრღვევი პირები 1 ათასი ლარიდან 3 ათას ლარამდე დაჯარიმდებიან, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის და მისი უსაფრთხოების წესების დარღვევა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ახალი სახეა, რომელიც „ადმინისტრაციულ სამართალდარვევათა კოდექსით" განისაზღვრა და დღეიდან ამოქმედდა.

საქართველო საგანგებო სიტუაციების მართვის ახალ მოდელზე გადადის

გარდა ამისა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლისთვის დაკისრებული უფლებამოსილების განხორციელებისას ხელის შეშლა გამოიწვევს დაჯარიმებას 1 ათასი ლარის ოდენობით.

წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვის და უსაფრთხოების წესები მთავრობის დადგენილებით განისაზღვრა.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" ცვლილებები საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მოამზადა. როგორც კანონის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, საცურაო სეზონზე უსაფრთხოების წესების დაუცველობის გამო, ადამიანის დაღუპვის ფაქტები ყოველწლიურად ფიქსირდება.

დღეიდან ძალაში შევიდა სახანძრო უსაფრთხოების ახალი ნორმებიც. კერძოდ, სახელმწიფო კონტროლს დაექვემდებარა ობიექტები, რომლებზეც მანამდე რეგულაცია არ ვრცელდებოდა, კერძოდ, ყველა ტიპის სასტუმრო, სავაჭრო ცენტრები, დასასვენებელი სახლები, ტურისტული ბაზები და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ობიექტები.

სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევისათვის გამკაცრდა სანქციები, გაიზარდა ადმინისტრაციული ჯარიმები და პასუხისმგებლობა — ფულადი სანქციები თითქმის გაათმაგდა და 1 ათასი ლარიდან 5 ათას ლარამდე იქნება.

დღეიდან ამოქმედებული „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ" კანონის თანახმად, ქვეყანა საგანგებო სიტუაციების მართვის ახალ მოდელზე გადავიდა.